ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედა და შვილი ოლიმპიადაში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
ფაქტს საინფორმაციო სააგენტო Reuters-იც ეხმიანება:
“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს ვაჟთან ერთად მივიღებ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
გულწრფელად რომ ვთქვა, დედა ვარ და რა თქმა უნდა, რიოს ოლიმპიადაზე ჩემი ვაჟის გულშემატკივარი ვიქნები”, – განაცხადა სალუქვაძემ Reuters-თან.
“ეს ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა, რადგან ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვიღებ და თან დედაჩემთან ერთად”, – განუცხადა მაჭავარიანმა Reuters-ს.
ცნობისთვის, სალუქვაძე 19 წლის იყო, როდესაც ქალთა სპორტული პისტოლეტის 25-მეტრიან სროლაში ოქროს მედალი აიღო, ხოლო ვერცხლის მედალი ქალთა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე როდესაც იგი საბჭოთა კავშირის გუნდის წარმომადგენელი იყო.
2008 წლის პეკინის ოლიმპიადაში სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში მოიპოვა.
რაც შეეხება სალუქვაძის 18 წლის ვაჟს, ცოტნე მაჭავარიანს, საუკეთესო გასროლა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში, თებერვალში, ევროჩემპიონატისას, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნეში აიღო.