ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაპუაშვილის განცხადებების გამო, უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა შესაძლოა გადაიდოს

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელის ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები ითხოვენ ბათილად იცნოს თანხის გაფლანგვის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი.

ამ დროისთვის პლენუმი სათათბიროდ არის გასული და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, გადაიდება თუ არა სხდომა. სხდომის გადადების შესახებ ინიციატივა მოსამართლეთა ნაწილმა დააყენა.

გადადების მიზეზად მოსამართლეთა ნაწილმა, გიორგი პაპუაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებული განცხადება დაასახლა და განაცხადა, რომ სჯობს დაელოდონ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნას. მათ მიაჩნიათ, რომ, ვიდრე აღნიშნული საქმე გამოკვლეული არ იქნება, მუდმივად იქნება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მოსამართლეების ინიციატივა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია როგორც ე.წ. კაბელების საქმეში მსჯავრდებულების, ისე თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებისთვის.

როგორც მათ აღნიშნეს, მოსამართლეები ამ განცხადებებით ცდილობენ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას.

„თუ საგამოძიებო უწყებები და ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე, მაშინ ეს ზეწოლა წარმატებულია, თუ საგამოძიებო უწყებებს და ხელისუფლებას გადაეცემა გასაღები, როდის ჩანიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს,“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე უგულავას ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

„საკონსტიოტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის შუამდგომლობა, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, გაკვირვებას იწვევს, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ და გარკვეულწილად აღიარებაა იმისა, რომ მათი ზედამხედველი არის პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები,“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. “მეტრონომს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

იტვირთბა....