ახალციხეში, სოფელ სვირში 60 წლის ქალზე მისი რძალი, ძმის შვილის მეუღლე ძალადობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ცემის ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ, თუმცა საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან,
„აივანზე ჰყავთ ეს ქალი, რაც ეგ რძალად მოვიდა, სულ სცემს. ბევრჯერ შევესწარი, ვუთხარი, რატომ სცემ-მეთქი და არ ვცემო, იატაკზე ურტყამს ხელსო“, – გვიყვება ოჯახის ერთ–ერთი მეზობელი.
გამგებლის წარმომადგენელი სოფელში ბორის შუბითიძე ამბობს, რომ ძალადობის ფაქტს რამდენჯერმე თავადაც შეესწრო: „ახლა მგონი დალაგდნენ, დაწყნარდნენ. რძალი ისეთ რაღაცეებს სთხოვს ავადმყოფს, რომლის გაკეთებაც ამას არ შეუძლია“.
ქალის ტირილის ხმა მაშინაც ისმოდა, როცა სახლს, რომელშიც შემთხვევა ხდება, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი მიუახლოვდა.
„ჩაიწყვიტე ხმა, სტუმრები მოვიდნენ“, – იყო რეპლიკა ჩვენი დანახვისას.
სახლში ახალგაზრდა გოგო დაგვხდა, რომელიც ოჯახის რძლად გაგვეცნო. ჟურნალისტის დანახვა არ ესიამოვნა, თუმცა სახლის მეორე სართულის აივანზე მაინც მიგვიპატიჟა. აივანზე ძირს მჯდომი ქალი დაგვხვდა, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო, იგი იატაკზე ხოხავდა და დახმარებას ითხოვდა.
„რა ეტყობა ამას ნაცემი?! ეს ასაკიანია, ამის ასაკამდე მე რომ მივიდე, მადლობა უნდა ვთქვა“,– გვითხრა გოგონამ და დაამატა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და რაღაცეები ეჩვენება, – „ბატონები ჰქონია ბავშვობაში, მამამის უცემია და იმის მერე ასეა. ამ ბოლო დროს ძაღლმა უკბინა და ვეღარ დადის“.
გოგონამ კატეგორიულად უარყო მეზობლების ნათქვამი ოჯახის წევრზე ძალადობის შესახებ. იგი გაამუდმებით იმეორებდა, რომ ქალს ნაცემის არაფერი ეტყობა: „ზის ტირის, დადის ტირის, ჭამს ტირის. ამას ეტყობა რამე ნაცემის? სადაა ნაცემი?! რომ ტირის, ხალხს ჰგონია, რომ ვცემთ“.
ძირს მჯდომმა ქალმა ტირილი ჩვენი საუბრის დროსაც დაიწყო. იგი ცდილობდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ნამდვილად სცემენ.
„ნუღარ ტირიხარ“, – ჩვენი თანდასწრებით უყვირა ქალს გოგონამ.
შეკითხვაზე რატომ არ მიჰყავთ იგი თავშესაფარში, გოგონამ გვიპასუხა: „რატომ უნდა ჩავაბარო?! სადამდეც იცოცხლებს, უნდა ვაცოცხლო“.
ნამდვილად აქვს თუ არა სვირში მცხოვრებ 60 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემები, გარკვევა ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ განყოფილებაში ვცადეთ.
„არის თუ არა აღრიცხვაზე აყვანილი, ამას ვერ გეტყვით. რატომ ხართ ასე დაინტერესებული? შეიცვალა კანონი და ვერ გეტყვით“, – გვითხრა ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ განყოფილების თანამშრომელმა ლამარა კიკნაძემ.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
„თქვენგან შევიტყვეთ ეს ინფორმაცია. აქამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს. სოციალური მუშაკი ჩაერთვება ამ საქმეში და შევისწავლით ოჯახს“, – დაგვპირდნენ სააგენტოში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ ფაქტს ამდენი მოწმე ჰყავს, საკვირველია რატომ იკავებენ ისინი ჩარევისგან თავს.
„ფაქტის შემსწრემ უნდა დარეკოს საპატრულო პოლიციაში, ან წერილობით მიმართოს უბნის ინსპექტორს და მოახდენს რეაგირებას“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჩიხლაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სოფელ სვირიდან ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.
სოფელ სვირში საკითხის შესწავლას სოციალური მომსახურების სააგენტო აპირებს”, – წერს “სამხრეთის კარიბჭე”.