საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში ადასტურებს. წივწივაძის თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიშის” მოხმარებას დაუდგინდა და ამის გამო ოჯახს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის:
“ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრამვა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. “ჰაშიში”… ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა ბექა წივწივაძემ.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.