სამართალი

„ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება ასეთი საშინელება ჩაიდინოს“: როგორი იყო მაგდა პაპიძის პოზიცია

5 წლის შვილის და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მაგდას მათთვის რომ დაეჯერებინა და ნაფიცი მსაჯულები არ აერჩია ან მათთვის მსუბუქი მუხლი შეეთავაზებინათ, მაგდა მუდმივი პატიმრობის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა. ამის შესახებ ფხალაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„მაგდა საკმაოდ რთული ადამიანია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს საკუთარი ხედვა,  საკუთარი პრინციპები  და ამ პრინციპებს მიყვება. 18 წელია ამ საქმიანობაში ვარ და ძალიან იშვიათად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაღაცა მირჩევია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს პოზიცია არ გაუზიარებია. მაგდა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგისმინოს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ. სხვათაშორის, ექსპერტმა კიდევაც თქვა, რომ მაგდა არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი თვითკონტროლის უნარი აქვს და გადაწყვეტილებების მიღების თავისეული გზა აქვს. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მაგდას ჩვენთვის რომ დაეჯერებინა, რომ სასამართლო აგვერჩია, ან თუ სასამართლო არ აგვერჩია, ნაფიცებისთვის მსუბუქი მუხლი შეგვეთავაზებინა, არ აღმოჩნდებოდა მუდმივი პატიმრობის ქვეშ. მაგრამ, აბსოლუტურად მესმის მისი იქიდან გამომდინარე, რომ როცა შენთვის, როგორც დედისთვის, ის კიარაა  მნიშვნელოვანი შენ 16 გექნება, 20, თუ მუდმივი, მნიშვნელოვანია ის, რომ შენ არ დაგერქვას შენი საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელი. მესმის მაგდას გადაწყვეტილებების. უბრალოდ,  ვამბობ, რომ სამართლებრივად ამ გზას რომ გავყოლოდით ჩვენ, აბსოლუტურად სხვა შედეგებს მივიღებდით, მაგრამ როცა ადამიანისთვის არაა მნიშვნელოვანი სხვა შედეგი გარდა იმისა, რომ ის უნდა გამართლდეს ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, მაგდას გადაწყვეტილებების მესმის“ – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

მისი თქმით, მაგდა პაპიძის ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ მსჯავრდებული თავის გადაწყვეტილებას შეცვლის და მათ მიეცემათ საშუალება, რომ სასჯელის ნაწილში ვერდიქტი გაასაჩივრონ.

ფხალაძე საუბრობს ასევე ექსპერტის მიერ მაგდა პაპიძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნაზეც და ამბობს, რომ ექსპერტის აზრით, მაგდას პერსონალური ფსიქიკური აშლილობა აქვს.

“ექსპერტიზამ თქვა, რომ  მას აქვს პერსონალური ფსიქიკური აშლილობა, შერაცხადი იყოო და ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემების გადაწყვეტის თავისებური გზები აქვსო. საინტერესო ფრაზა თქვა ფსიქოლოგმა, რომ  ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის განიცდის სითბოს და სიყვარულის უკმარისობას, სითბოს და სიყვარულს გასცემს ზომაზე მეტსო. არ მესმის, ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება ასეთი საშინლება ჩაიდინოს“ – აღნიშნა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა, რომლებმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

იტვირთბა....