პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთისგან ქართულ პროდუქციის შეზღუდვაზე ახალი სანქციების დაწესებას არ ელოდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული ღვინის და ბორჯომის შესაძლო აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია დუმის კომიტეტის ინიციატივაა და საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არაა.
რაც შეეხება სანქციებს, აბაშიძის განმარტებით, 2014 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს, საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას.
„გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება. ასე რომ, რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე.
ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება. ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“. – განაცხადა აბაშიძემ.