ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რა საშიშროების წინაშე დადგება საქართველო აშშ-თურქეთის დაპირისპირების შემთხვევაში

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ და სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან

 

„მეტრონომის“ ჟურნალისტი პოლიტოლოგს და სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად უცხოეთში კონფერენეციაზე იმყოფება. მას ვთხოვეთ თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა თურქეთსა და სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მაისაია ჩვენთან საუბარში იმ საშიშროებებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს საქართველოს აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემთხვევაში.

„მეტრონომი“:  თურქეთში მომხდარი პუტჩი იწინასწარმეტყველეთ. კერძოდ, საუბროდით ამ ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარების საშიშროებაზე. რას ეყრდნობოდით მაშინ, რატომ იყო სამხედრო გადატრიალება გარდაუვალი? საიდან გაგაჩნდათ მსგავსი ინფორმაცია?

ვახტანგ მაისაია:  ინდიკაციები, რომ თურქეთში სავარაუდოდ შესაძლებელი იყო სამხედრო გადატრიალების მოწყობა, ან სამხედრო ამბოხის განხორციელება, სავსებით საკმარისი არსებობდა. მოტივაცია იყო სამხედროების, განსაკუთრებით, სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმის ქვეშ დაყენება მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა პუტინს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო. ის ორი სამხედრო მფრინავი, რომლებმაც ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, უკვე დაპატიმრებულნი არიან და გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე- ასევე ნაწამებიც. ამას გარდა, არმიაში უკვე მაღალი დუღილის ტემპერატურა იყო და გაჩნდა პრეტენზიები ერდოღანის მისამართითითაც.

ერდოღანმა თავისი პოზიციების გაძლიერების შემდეგ მთლიანად მოსპო სოციალური პრივილეგიები, რომლებიც არმიას ჰქონდა წლების განმავლობაში – სოციალური დანამატები, უფასო სწავლა-განათლება, პრივილირიგირებული სტატუსი, გააუქმა არმიის მხარდამჭერი ფონდი, რომელიც მსხვილი მეწარმეების და ბიზნესის მიერ ფინანსდებოდა და ასევე დაიწყო არმიის პოლიტიზაციის პროცესი, ისლამიზაციის სახით, დაბალი რანგის სამხედროების ფენებში. ამავე დროს მანვე ჩაატარა რამდენიმე რეპრესიული ზომები – „ერდენიკონის“ სპეცოპერაციის სახით, რომლის დროსაც მთლიანად იქნა ჩამოშორებული მაღალი გენერალიტეტი პოლიტიკური ხელისუფლების სადავეებიდან და ერდოღანმა ვერ გააუქმა სამხედრო და უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი რანგის სამხედრო პირების მიერ. როგორც ხედავთ მოტივაცია და მიზეზი პუტჩისთვის საკმარისზე საკმარისი იყო…

 

„მეტრონომი“: რა შედეგს მოიტანს ეს უშედეგო პუტჩი თურქეთისთვის?

ვახტანგ მაისაია: კარგს არაფერს, ამით ერდოღანმა პირიქით კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მმართველობის პოზიციები და ფაქტობრივად, ის გახდა აბსოლუტურად უმართავი და სამხედროებზე სრული წმენდის შემდეგ ის იქნება უმართავი. იგი ასევე ითხოვს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფეთულაჰ გიულენის ექსტრადიციას იმიტომ, რომ გიულენი წარმოადგენს ერთადერთ მის შემაკავებელ ძალას. ამით ერდოღანი ერთი დარტყმით ორ კურდღელს დაიჭერს – არმიასაც სრულად დაიმორჩილებს და თავიდან მოიცილებს ძირითად პოლიტიკურ ძალას. ამიტომაც ყველა სცენარი, ფანტასტიკურიც კი მოსალოდნელია მისი მმართველობის პერიოდში;

„მეტრონომი“: საუბრები მიდის, რომ ეს აჯანყება იყო  წინასწარ დაგეგმილი.  ვის აწყობდა ამის დაგეგმვა და რა შედეგს ელოდა ის ძალა, თუკი მართლაც ჰქონდა ადგილი ასეთ წინასწარ განზრახულ სცენარს?

ვახტანგ მაისაია:  ამ პუტჩს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პროტესტის ფორმა და მის უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ დაბოღმილი, თავის ბედზე მაღალი სამხედრო გენერალიტეტის და საშუალოდ დონის ოფიცრების კასტა. ამიტომაც წინასწარ თუ იყო ეს გადატრიალება გათვლილი, პოლიტიკურად ძალიან დაბალი დონეზე იყო აღსრულებული, ჩაფიქრებული და უფრო მეტად იგეგმებოდა უბრალოდ ერდოღანის ფიზიკური ლიკვიდაცია და უფრო ლიბერალი მმართველის მოყვანა ხელისუფლებაში.  არ არის გამორიცხული საუბარი იყოს თვით დავით ოღლუზე, რომელიც მანამდე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ეს, რა თქმა უნდა, არის მაღალი დონის ვარაუდი…

„მეტრონომი“: რუსეთის ფაქტორი თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თუ იკვეთება?

ვახტანგ მაისაია: სავარაუდოდ კი, გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხაზით ერდოღანს მარმარისში, სადაც იგი ისვენებდა, მიაწოდეს ინფორმაციია მასზე განხორციელებული თავდახსმის თაობაზე და ეს ინფორმაცია მიეწოდა პირველი საველე არმიის სარდლის მეშვეობით.

რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახერხეს რადიოსიგნალის დაჭერა პუტჩისტების რადიოსაუბრების და სათანადო გაშიფვრის და ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია და სამხედრო გადატრიალება. ამას გარდა, იწვევს ეჭვს, თუ სად იმყოფებოდა ერდოღანი იმ სამი საათის განმავლობაში, როდესაც იგი ჰაერში საკუთარ ავიალანერის ბორტზე იყო და როგორ მოახერხა პუტჩისტების ორი სამხედრო თვითმფრინავისგან თავის დაღწევა. სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო სივრცით, რომლის უფლებას მისცემდა უშუალოდ პუტინი. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგვისტოს დასაწყისში პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში და აღნიშნული შეხვედრა იქნება საკმაოდ კარგი დადასტურება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ურთიერთანამშრმლობის…

„მერტრონომი“: მოიგებს რამეს რუსეთი თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის გამწვავებით რეგიონში?

ვახტანგ მაისაია: რა თქმა უნდა, ამით მოგებული დარჩება რუსეთი, რომელსაც თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები გააჩნია ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში. ერდოღანი შეეცდება დააბალანსოს თავისი მკაცრი პოზიციები რუსეთის ხარჯზე და მოსკოვთან დაახლოების კუთხით საკუთარი თამაშის წესებიც შემოიღოს.

„მეტრონომი“: რა სავარუდო შედეგის მომტანია ნატოს წევრობა თურქეთისთვის განვითარებული მოვლენების ფონზე?

ვახტანგ მაისაია: პრინციპში დიდი არაფრით, პირიქით, ეს ფაქტი უფრო მეტად შეიძლება დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს რეპრესიული ზომების გატარების საქმეში. ამის გარდა, არ არის გამორიცხული რომ თურქეთი გამოვიდეს ნატოს წევრობიდან და მან  შეიძლება გაიმეოროს ბრიტანეთის მაგალითი ევროკავშირთან დაკავშირებით.

„მეტრონომი“: საქართველოზე როგორ მოქმედებს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და როგორ იმოქმედებს, თუ სცენარი თურქეთ-ამერიკის დაპირისპირებით განვითარდა?

ვახტანგ მაისაია: საქართველოზე ამ პროცესებმა შეიძლება ნეგატიურ ასახვა ჰპოვოს, თუკი მოხდება ერდოღან-პუტინის სტრატეგიული მოკავშირეობის დამყარება, რადგანაც ორი ავტორიტარული ლიდერის გაერთიანება არაფრის კარგის მომტანი არ შეიძლება იყოს მეზობლებისთვის.

„მეტრონომი“:  სომხეთსა და ყაზახეთში განვითარებული თითქმის მსგავსი სცენარი, ერევანში და ალმა-ატაში პოლიციაზე თავდასხმა და მძევლების აყვანა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით (ეს უკანასკნელი ალმა-ატას  არ ეხება, თუმცა პოლიციაზე თავდასხმა განხორციელდა), რამდენად ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ სამ ქვეყანაში საერთო სცენარი მოქმედებს? და ვინ შეიძლება იდგეს ამ მოვლენების მიღმა?

ვახტანგ მაისაია:  ამ ორ ინციდენტს შორის არაფერი საერთო არ არის, გარდა იმისა, რომ ორივე განხორციელდა კლასიკური ტერორისტული აქტების ფორმატში – შენობის აღების მცდელობისა და მძევლების აყვანის სახით. ამ შემთხვევებში უკან დგანან სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური დაჯგუფებები.

 

მანა ნოდია

იტვირთბა....