დადგა ზაფხული და ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. თუმცა ამბობენ, რომ გველი აგრესიას მხოლოდ საფრთხის დროს ამჟღავნებს. როგორ ავიცილოთ თავიდან დაგესვლა და როგორ მოვიქცეთ კბენის შემთხვევაში, ამაზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ტოქსიკოლოგი ლია სამხარაძე გვესაუბრება.
– ქვეწარმავლების აქტიურობა პიკს ცხელ დღეებში აღწევს. გველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც სწორედ ამ დროს აღინიშნება. სერპენტოლოგების თქმით, შხამიანი გველები თბილისში ნაკლებად არის გავრცელებული. აი, რეგიონებზე კი იმავეს ვერ ვიტყვით. დედაქალაქში უმეტესად ანკარასებრთა ოჯახის გველები გვხვდება. რაც შეეხება რეგიონებს, აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საშიშია კაკვკასიური გიურზა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – კავკასიური და ველის გველგესლა.
– როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი?
– შხამიან გველს აქვს ორი კბილი, რომლებშიც მოთავსებულია შხამი. კბენისას ის ორგანიზმში დაახლოებით ნახევარ მილილიტრ შხამს უშვებს. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით, რჩება ორი წერტილი ნამგლისებური ჩანაჭდევებით, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – რამდენიმე, თუმცა ორი წერტილი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იყოს.
– რას იწვევს გველის შხამი?
– თავდაპირველად გეტყვით, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფერმენტებს, პოლიპეპტიდებს, რომლებიც ართულებს სისხლის შედედებას, იწვევს ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულების) დაშლას და აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც, ბუნებრივია, ყველა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემაზე აისახება.
– რა სიმპტომები ახასიათებს გველის ნაკბენს?
– ნაკბენ არეში კბენისთანავე აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, წვა, მცირე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სილურჯე. შეშუპებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს სისხლძარღვებსა და, საზოგადოდ, ქსოვილებზე და გამოიწვიოს მათი კვდომა, რაც ინტოქსიკაციას უფრო მეტად გააძლიერებს. ზოგადი სიმპტომებიდან აღინიშნება აღგზნება, შიშის შეგრძნება, ძლიერი ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება, პულსის მომატება, წნევის ვარდნა, რასაც შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს.
თუ მკურნალობა დაგვიანდა ან არასწორად ჩატარდა, დაკბენილი შესაძლოა რამდენიმე საათში დაიღუპოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით (გააჩნია შხამის დოზასა და ადამიანის აღნაგობას
– რაც უფრო მცირე ასაკისაა დაზარალებული, მით უფრო სწრაფად ხდება ინტოქსიკაცია და შედეგიც მძიმეა).
– რა მნიშვნელობა აქვს კბენის ადგილს?
– ძალიან დიდი. რაც უფრო ახლოსაა, მაგალითად, გიურზას ნაკბენი წამყვან სასიცოცხლო ორგანოებთან, გულთან, მით უფრო სწრაფად ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. სახესა და სხეულზე კბენისას შეშუპება შესაძლოა უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე კიდურზე კბენის შემთხვევაში.
– რა უნდა გაკეთდეს პირველი დახმარებისთვის და რისი გაკეთება არ შეიძლება?
– მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილიდან შხამის გამოდევნა პირველი 10 წუთის განმავლობაში. თუ ნაკბენი კიდურზეა, დაკბენილს შეუძლია, თვითონვე ამოწოვოს შხამი (იმ პირობით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი დაზიანებული არ აქვს), ანდა ეს გააკეთოს იქ მყოფმა სხვა ადამიანმა, შემდგომ კი აუცილებლად გამოირეცხოს პირის ღრუ. ზოგიერთი ავტორი, დამხმარე პერსონალის მოწამვლის შიშით, ამ მეთოდს უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი შხამი საშიში არ არის. კარგი იქნება ნაკბენზე ცივი ტამპონის დადება – ეს სისხლძარღვთა სპაზმს გამოიწვევს და ხელს შეუშლის შხამის გავრცელებას. აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა, იმობილიზაცია მწოლარე მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად, საპნიანი ან ჩვეულებრივი წყლით ჭრილობის მობანა და სპირტით დამუშავება, დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.
არაფრით არ შეიძლება ნაკბენი ადგილის დასერვა, მოწვა ან ლახტის დადება
– ლახტის მოჭერის შემთხვევაში ქსოვილთა სისხლით მომარაგება უფრო მეტად ირღვევა და მათი ნეკროზი (კვდომა) უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ასევე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება – ის შხამის მოქმედებას აძლიერებს.
– რით ებრძვის მედიცინა გველის შხამს?
– არსებობს შხამსაწინააღმდეგო შრატი, რომლის გამოყენებაც მეტად მნიშვნელოვანია. ამჟამად საქართველოში ვიყენებთ ანტიგიურზინს. შრატს ყველას არ ვუკეთებთ – ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ გველის შხამიანობისა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გათვალისწინებით. თუ სიმპტომებმა თავი იჩინა, უმჯობესია, შრატი რაც შეიძლება მალე გაკეთდეს. პირველი დოზის გაკეთება შეიძლება საველე პირობებშიც –სინჯის სახით შეგვყავს მინიმალური დოზა. თუ რეაქცია ნახევარი საათის განმავლობაში არ გამოიხატა, სრული დოზა კეთდება. რეაქციის შემთხვევაში კი შრატის გამოყენებაზე უარს ვამბობთ, რადგან პაციენტი შესაძლოა ანაფილაქსიური (წამლისმიერი ალერგია) შოკით გარდაიცვალოს.
დაკბენილი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში. შხამის გავრცელების შესამცირებლად მიყვანისთანავე ჭრილობის გარშემო შეიძლება გაკეთდეს ნოვოკაინის ბლოკადა. სისხლის საერთო ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, ტარდება კომპლექსური მკურნალობა: პირველ რიგში – დეზინტოქსიკაცია, შემდგომ – ჰეპარინიზაცია (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების შეყვანა), ჰორმონოთერაპია, ანტიალერგიული და სიმპტომური თერაპია, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის პრევენცია.
მძიმე მდგომარეობისას ზოგჯერ ინექციის გზით შეჰყავთ ფიზიოლოგიურ სითხეში განზავებული შრატის რამდენიმე დოზა.
გველის შხამთან ერთად ჭრილობაში ტეტანუსის ჩხირის მოხვედრის ალბათობაც არსებობს, ამიტომ თუ დაკბენილს ხუთ წელზე მეტია არ ჩაუტარებია ანტიტეტანური ვაქცინაცია, ეს აცრაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
– როგორ ავიცილოთ თავიდან კბენა?
– უნდა ვიცოდეთ, რომ გველები არ არიან აგრესიულები. ისინი უმეტესად თავდაცვის მიზნით იკბინებიან, თუ საფრთხე იგრძნეს, მხოლოდ მაშინ გადადიან შეტევაზე და თავს ესხმიან ადამიანებს. გველებს შეიძლება წავაწყდეთ ცხელ ადგილებში, სათიბებში, კენკრის ბუჩქებში, ასევე – იმ ადგილებში, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. შესაძლოა, გზაზეც. ასეთ ადგილებში დიდი სიფრთხილე გვმართებს.
უსაფრთხოებისთვის უმჯობესია ჩავიცვათ მაღალყელიანი ჩექმა და ფართო შარვალი, რომელსაც ჩექმაში ჩავიკეცავთ.
გველის დანახვის შემთხვევაში პანიკას ნუ აჰყვებით, ნურც მის დაჭერას ან მოკვლას შეეცდებით. ქვეწარმავალი შეიძლება ფეხის დაბიჯებამაც კი გააღიზიანოს და გიკბინოთ. ჯობს, მშვიდად გაეცალოთ იმ ადგილს.
კბენის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია. აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო საწესებულებას, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაგიკეთებენ შხამსაწინააღმდეგო შრატს და ჩაგიტარებენ სათანადო მკურნალობას.
საფრთხის შესამცირებლად
ეცადეთ, ეზო და მიმდებარე ტერიტორია მაღალი ბალახით არ დაიფაროს. ასეთი ბალახით დაფარულ ადგილებზე ბავშვებს თამაში დაუშალეთ. მინდვრად და ტყეში სიარულისას გამოიყენეთ ჯოხი. მაღალი ბალახი ჯერ ჯოხით შეარხიეთ და მერე გაიარეთ. ჯოხის დახმარებითვე დაძარით ადგილიდან ფიჩხი, შეშა. სახიფათო ადგილას სიარულისას ჩაიცვით გრძელტოტება შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი. არასოდეს აიყვანოთ ხელში გველი, თუნდაც მკვდარი. თუ სადმე გველს მოჰკარით თვალი, სასწრაფოდ გაეცალეთ იქაურობას.
შესაძლოა, დარწმუნებული არ იყოთ, რომ ნამდვილად გველმა გიკბინათ. შხამიანი გველის ნაკბენის ამოსაცნობი ნიშნებია:
. ორი ნაჩხვლეტი (წერტილი) ჭრილობაზე;
. შეწითლება ან შეშუპება ჭრილობის გარშემო;
. ძლიერი ტკივილი;
. გულისრევა;
. ღებინება;
. სუნთქვის გაძნელება;
. ცხელების მსგავსი სიმპტომები, მათ შორის – ოფლიანობა;
. დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება ჭრილობის გარშემო;
. მხედველობის დაბინდვა;
. დიარეა;
. ცნობიერების დაბინდვა;
. კრუნჩხვა;
. პულსის გახშირება.
თუ შხამიანმა გველმა გიკბინათ
. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
. მოახდინეთ ნაკბენი ხელის ან ფეხის იმობილიზაცია, შეეცადეთ, არ იმოძრაოთ, რათა ხელი შეუშალოთ შხამის გავრცელებას.
. მოიხსენით სამკაულები, ვიდრე შეშუპება დაიწყება.
. თუ შეგიძლიათ, ფეხზე დადექით ან წამოჯექით ისე, რომ ნაკბენი ადგილი გულის დონის ქვემოთ მოხვდეს.
. გაისუფთავეთ ჭრილობა, მაგრამ ნუ ამოიბანთ წყლით; დაიფინეთ ზედ სუფთა, მშრალი ნაჭერი.
. არ დაიდოთ დაკბენილ კიდურზე ლახტი.
. თუ ხელი მიგიწვდებათ, დაიდეთ ყინული.
. არ გაიჭრათ, არ დაისეროთ ნაკბენი.
. არ დალიოთ კოფეინის ან ალკოჰოლის შემცველი სითხე.
. ნუ ეცდებით გველის დაჭერას, თუმცა კარგი იქნება, თუ დაიმახსოვრებთ მის შეფერილობას, ფორმას, რათა მისი აღწერა შეძლოთ.
. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ ნაკბენი ადგილი ფერს იცვლის, შუპდება ან ტკივილს გგვრით.
წყარო: CENN