ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორმე შევაჩეროთ ეს ჯოჯოხეთი!: ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა

„ფოსტალიონმა“ ერთ-ერთი მკითხველისგან სკანდალური წერილი მიიღო. ვთვლით, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად დასჭირდება მოქმედება. წერილის ავტორის თხოვნაა, როგორმე შევაჩეროთ ეს ჯოჯოხეთი! თვალწინ მიდგას ამ პატარა ბიჭების სახეები და ეს არის საშინელებაო, გვითხრა მან.

„არ შემიძლია დიდი გულისტკივილით არ გაგიზიაროთ ის, რაც ჩემი თვალით ვიხილე ერთ- ერთ ფსიქოტროპულ აფთიაქში. ჩემს შვილს, რომელიც არის შშმ პირი დანიშნული აქვს მედიკამენტი- „ბაკლოსანი“ სპასტიკის მოსახსნელად. ამ მედიკამენტს ზუსტად 2 წლის წინ ვყიდულობდი 18 ლარად, თუმცა დღეს 90 ლარია! დღითი დღე კატასტროფულად იზრდება ფასები, თუმცა რეაგირება არის ნულოვანი. ფასს დავანებოთ თავი, შოკის მომგვრელია ის, რაც ხდება ფსიქოტროპულ აფთიაქებში. ვიდექი რიგში და თვალყურს ვადევნებდი, თუ როგორ ყიდულობდნენ 17-18 წლის ბიჭები „ბაკლოსანს“ და საძილე საშუალებას. აფთიაქის გამყიდველი კი აწვდიდათ წყალს, რომ იქვე დაელიათ. შესასვლელში იდგა დაკუნთილი მამაკაცი, სავარაუდოდ დაცვა, რომელიც აკონტროლებდა ამ სიტუაციას!

ერთ-ერთ ბიჭს ხელში ქონდა დამალული გადაჭრილი, წვეტიანი დანა…. გასვლისას ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა სიარულმა… ბარბაც-ბარბაცით გავიდა და ჰაბიტუსზე ეტყობოდა, რომ იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენის ქვეშ. როცა ჩემი რიგი დადგა, მხოლოდ შევძელი მეყიდა 20 ტაბლეტი „ბაკლოსანი“, რომელშიც გადავიხადე 36 ლარი, მაშინ როცა 2 კოლოფ „ბაკლოსანს“ ვყიდულობდი ამ ფასად. ეტყობა, რომ მოთხოვნადი პრეპარატია, თან ურეცეპტოდ გაიცემა და შესაბამისად, ფასზეც იმოქმედა. იმდენად აღშფოთებული ვიყავი, რომ თავი ვერ შევიკავე და აფთიაქის გამყიდველს ვკითხე, შვილი თუ ჰყავდა და მის შვილს თუ მისცემდა ამ საწამლავს? ისიც ვკითხე, თუ რატომ ყიდდა ამ მედიკამენტს ურეცეპტოდ, რაზეც იყო აგრესიული პასუხი _ რა შენი საქმეა?! ვაგზლის მოედნიდან ფეხით ჩამოუყევი თამარ მეფის გამზირს და თითქმის ყველა ფსიქოტროპულ აფთიაქში ანალოგიურ სიტუაციას წავაწყდი. ყველგან გაიცემა ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა ერის გადაგვარებისთვის. ყველა ჩვენთაგანმა განგაშის ზარი უნდა შემოვჰკრათ, რათა იმ ადამიანებს გავაგებინოთ, ვისაც ხელი ეწიფებათ ჩახსნან ეს მანკიერი წრე!!!! ყველა ჩვენთაგანს უნდა სტკიოდეს ეს პრობლემა, ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, რამეთუ ხელიდან გვეცლება ჩვენი ხვალინდელი დღე! ერთი რამ მჯერა, რომ ის ხალხი, ვინც ამას ლობირებს, მომავალში უფალი დიდ განსაცდელს მოუვლენს და აუცილებლად აგებენ პასუხს!“

„ფოსტალიონი“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პრესამსახურს დაუკავშირდა.

 

– „ბაკლოსანი“ არის თუ არა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიაში, ანუ ყველა აფთიაქი, მათ შორის ფსიქოტროპულიც ვალდებულია თუ არა, რომ ნებისმიერ მყიდველს მოთხოვოს რეცეპტი?

– ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით „ბაკლოსანი“ (მწარმოებელი:Pharmaceutical Works Polpharma S.A., პოლონეთი), მიეკუთვნება პირველ ჯგუფს, როგორც ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტებთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება  (პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტები, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები).

ბაკლოფენი მიკუთვნებულია ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტებთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით N22/ნ „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“,დანართი 1 – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა.

ამავე ბრძანების თანახმად (დანართი 2;  პუნქტი 7),  აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის  გამოწერა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალურკონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ფორმა N2 რეცეპტის ბლანკზე.

 

-ფორმა #2 ვინ უნდა მისცეს მოქალაქეს?

-ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმაN2, რეცეპტის ბლანკის ნომერი და წამლის დანიშვნის დასაბუთება. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია დაშვებულია მხოლოდ ავტორიზებულ აფთიაქში, რომელსაც უნდა გააჩნდეს სათანადო ნებართვა.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისათვის ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები და ამ პროდუქტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტის გაცემა ხორციელდება მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე ავტორიზებული აფთიაქიდან ფორმა №2 რეცეპტის საფუძველზე.

-წერილის ავტორის თქმით, ბევრია ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ გასცემენ რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მედიკამენტები, რომელიც არის ფსიქორტოპული, რადგან მოგეხსენებათ, მას ახალგაზრდები იყენებენ სხვადასხვა მიზნებით. თქვენი სააგენტო თუ ახორციელებს კონტროლს?

-საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, ითვალისწინებს  პასუხისმგებლობას ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევისას –გათვალისწინებულია დაჯარიმება 6000 ლარის ოდენობით, აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით –  ითვალისწინებს დაჯარიმებას 12000 ლარის ოდენობით. ასევე,  უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში (მაგალითად, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია სათანადო ნებართვის გარეშე) ითვალისწინებს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით –  ითვალისწინებს დაჯარიმებას 16000 ლარის ოდენობით.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მუდმივად ახორციელებს ფარმაცევტული ბაზრის კონტროლს, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ახდენს შესაბამის რეაგირებას და სრულად იყენებს თავის უფლებამოსილებას.

-„ფოსტალიონში“ დაბეჭდილ წერილს მოჰყვება რეაგირება?

-ნებისმიერი შეტყობინება უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ან ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევის  შესახებ მყისიერად ექვემდებარება გადამოწმებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

 

postalioni.com

იტვირთბა....