თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისმაილ ქაჰრამანს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, დაღუპულთა გამო. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ძლიერი და დემოკრატიული თურქეთის როლს და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განვითარებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის ეროვნული მეჯლისის მეგობარი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის შენობის ის ნაწილი დაათვალიერებინა, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს დაზიანდა.