სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრმიერ-მინისტრ მიტო ცერართან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, შეხვედრისას მხარეებმა დაინტერესება გამოთქვეს, სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
აღინიშნა, რომ პრეზიდენტის დელეგაციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართვა და ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, ურთიერთობების გაღრმავებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველო მიესალმება სლოვენიელი მეწარმეებისა და ინვესტორების მიერ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის შესწავლას.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ქართულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა ერთობლივი სასოფლო – სამეურნეო პროექტების განხორციელებაში.
ქართული მხარე დაინტერესებულია ასევე, სლოვენიის ბაზარზე საქართველოს სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.