ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მაგარ შარში ვართ ხალხო…“: რაზე ისაუბრა მინისტრმა მასწავლებლებთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვედრაზე ჰკითხა, თუ როგორ ახერხებენ ისინი ბავშვების დაინტერესებას სასწავლო პროცესში.

აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ამას გართობის, დისკუსიის და დებატის ხარჯზე ახერხებენ. პასუხების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა კარგი მასწავლებელი ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე სასწავლო გეგმის დარღვევით ახერხებს, რაც ჯეჯელავამ განათლების სისტემის გაუმართაობას მიაწერა.

„ჩემი მიკროკვლევის შედეგად დავადგინე, რომ ყველა კარგი მასწავლებელი, ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე ახერხებს იმის შედეგად, რომ არღვევს ეროვნულ სასწავლო გეგმას.“

მინისტრმა სკოლებში მათემატიკის საგნისთვის დათმობილ საათებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2 საათი მათემატიკაში წილადებისთვის მცირეა და შეუძლებელია, მოსწავლემ ამ დროში რამე გაიგოს.

„მე ყველა დარგში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მათემატიკაში ვერკვევი კარგად. წილადებზე გვაქვს 2 საათი. ახლა მე მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ უნდა შევკრიბო სამინისტროს თანამშრომლები, ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებზე. მერე გამოვცადო მათი ცოდნა და სავარაუდოდ, სამინისტროს, მათი დიდი ნაწილი დატოვებს. მოკლედ, მაგარ შარში ვართ ხალხო. ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს. ვერ გაიგებს ბავშვი ვერაფერს. თან ხელს რომ აიწევს და გეტყვის ვერ გავიგეო, შენ ეტყვი – მორჩა, ის ორი საათი გავიდა, ახლა სხვა გაკვეთილი გაქვთ. ერთი ორ რამეს რომ ვერ გაიგებს, ჩარგავს თავს ტელეფონში, კომპიუტერში და მორჩა, დავკარგეთ ეს ბავშვი.”-განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

იტვირთბა....