სააგენტო GHN-მა დღეს პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით პოლიტიკური “მოძრაობის პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობა” პირველ ადგილზეა, ხოლო “ქართული ოცნება” – მეორეზე. კვლევის შედეგებით, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს და მას რესპონდენტების 12% უჭერს მხარს.
მედიაში კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალე ბურჭულაძის პარტიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ კვლევა მათ არ ჩაუტარებიათ.
“ეს არ არის ჩვენი კვლევა, ჩვენთან არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენ არ ვატარებთ ასეთ კვლევებს, ვის რამდენი პროცენტი აქვს. წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან არის ეს კვლევები”.-განუცხადა “მეტრონომს” პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ.
ტაბიძის თქმით პოლიტიკური პარტია კვლევის ჩატარებას არ გეგმავს და ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციას არჩევს.
გავრცელებული ინფორმაციით GHN-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კვლევითმა ორგანიზაციამ (IPM)-მა ჩაატარა. “მეტრონომი” დაუკავშირდა IPM-ის ოფისს, თუმცა ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ მსგავსს ინფორმაციას ისინი არ ასაჯაროებენ. შესაბამისად გაუგებარი დარჩა მიმართა თუ არა ბურჭულაძის პარტიამ კვლევით ორგანიზაციას.
“მეტრონომთან” საუბარში სააგენტოს რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ჰყავს სანდო წყარო, რომლისაც სჯერა. ის ადასტურებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მართლაც მიმართა IPM-ს კვლევის ჩატარების მოთხოვნით.
ლევან ტაბიძეს ვკითხეთ დაინტერესდნენ თუ არა რა დოკუმენტს ფლობს ჭუმბურიძე და სთხოვეს თუ არა ჟურნალისტს ამ დოკუმენტის გასაჯაროება. აღნიშნულ კითხვებზე ტაბიძემ მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ პარტია კვლევას არ აწარმოებს.
მარიამ ვარადაშვილი