თურქეთმა შესაძლოა ნატოს წევრობა დაკარგოს თუკი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვევს. ამის შესახებ თურქეთს ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკა თურქეთის არჩეული ხელისუფლების მხარეს დგას.
„მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები და პატივი სცეს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამბოხების შემოქმედთა წარდგომას სასამართლოს წინაშე, თუმცა ამ ყველაფერში საჭიროა სიფრთხილე, რათა პროცესი დემოკრატიის პრინცპიებს არ გასცდეს”. – განაცხადა ჯონ კერიმ.
წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთში 9 000 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. ქვეყნის მასშტაბით, არმიიდან და სასამართლო სისტემიდან სულ 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.