ახალი ამბები მთავარი

თურქეთის პრეზიდენტის პირველი განცხადება: 1563 მეამბოხე დაკავებულია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი  პრესკონფერენცია სტამბოლში ჩასვლისთანავე გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მოვლენები იყო აჯანყების მცდელობა ქვეყნის ერთობის წინააღმდეგ.  ერდოღანის თქმით, ის თავად გააკონტროლებს, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში „წმენდა“ ჩატარდეს და  მკაცრად დაისაჯოს  ყველა ადამიანი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით,  გადატრიალების დროს ქუჩებში მილიონობით ადამიანი იყო გამოსული.

ამ ეტაპზე თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ადამიანების დაკავება გრძელდება. სახელისუფლებო ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის 1563 მეამბოხეა დაკავებული. ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით  60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველია.

იტვირთბა....