სტამბოლის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათ ლიდერად დასახელებულია ვინმე პოლკოვნიკი მუჰარემ კოზე. მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გრძელდება გადატრიალების მონაწილეთა დაკავება. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ამ დროისათვის სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია.
ქვეყნის მეთაურმა ერდოღანმა ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ თურქი ხალხი ერთად დგომით შეძლებს ამ პრობლემას გაუმკლავდეს.
შეგახსენებთ, ამბოხებულებმა პარლამენტის შენობაზე ბომბიც კი ჩამოაგდეს. მცდელობა იყო შეეღწიათ ერდოღანის რეზიდენციაშიც… ანკარაში დაპირისპირებისას სპეცნაზის შტაბბინაში 17 პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “ანადოლმა” გაავრცელა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სამხედროებმა იმ მიზეზებზეც ისაუბრეს, რომლის გამოც სამხედრო გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტეს.
“ქვეყანას ჩვენს კონტროლქვეშ ვიღებთ, ეს ყველაფერი კანონის უზენაესობის, დემოკრატიული წესრიგის და ადამიანის უფლებების დასაცავად კეთდება”- აცხადებდნენ ამბოხებულები.
ამ მომენტში ანკარას თავზე სამხედრო თვითმფრინავები და ვეტმფრენები დაფრინავენ. ქალაქში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
თურქეთში ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა, მაშინ საპროტესტო აქციები, რომელიც ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრის წინააღმდეგ იმართებოდა, სტამბოლში პოლიციასთან შეტაკებასა და მრავალთვიან წინააღმდეგობრივ მოძრაობაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ერდოღანის გადაყენების მოთხოვნები ისმოდა.
https://www.youtube.com/watch?v=kQPknHPBp-M
https://www.youtube.com/watch?v=8LvR8CjHzOI