შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დაიწყო, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ახლაც მიმდინარეობს.
“ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის, ყოველდღიურად ხდება პატრულირება. საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე, სამართალდამცავების დაახლოებით 15 ჯგუფი, 50-მდე პოლიციელი პატრულირებს სოფელში”, – აღნიშნავენ სამინისტროს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე კვირის წინ კუმისში წალკიდან ჩასული ცოლ-ქმარი შვილს ეძებდა და ეს შესაძლოა სწორედ ის ადამიანი იყოს, რომელიც ხალხს აშინებს, შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
“გადამოწმებული ინფორმაციით, კუმისში ის დაკარგული ბიჭი არ არის. მსგავსი არაფერი დადასტურებულა. წალკიდანაც იყვნენ სამართალდამცავები ჩამოსული”, _ ამბობენ შსს-ს პრესსამსახურში.
გარდა ამისა, უწყების პრესსამსახურში არ ადასტურებენ კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ სამართალდამცავებს რამდენიმე დღის წინ სავარაუდო დამნაშავეზე ალყა ჰქონდათ შემორტყმული, თუმცა, ის პოლიციას გაექცა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ადგილობრივ მოსახლეობას ამოუცნობი მამაკაცი აშინებს. მათი ინფორმაციით, შავებში ჩაცმულ მამაკაცს სახე გამურული აქვს და ძალიან სწრაფად გადაადგილდება.