საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილიას განცხადებით, ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობის გადაანგარიშებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალი 6500 დოლარს შეადგენს,-ამის შესახებ ბასილია სოციალურ ქსელში წერს:
“საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში.
კერძოდ, 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი შეადგენდა 2.8 მილიარდ დოლარს.
2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 4.8-ჯერ (!!!) და შეადგინა 13.3 მილიარდი დოლარი.
მთლიანი საგარეო ვალი იზრდებოდა 2012 წლის შემდეგაც, თუმცა გაცილებით ნაკლები ტემპით, 9.7%-ით და 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით 14.6 მილიარდი დოლარი გახდა.
ჩემი აზრით, ეს ციფრები უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომელმაც უნდა გადაიხადოს ეს ვალები მასზე დარიცხული პროცენტებით. ცნობისთვის ამჟამად არსებული 14.6 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის მომსახურებისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ/საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ 24 მილიარდი დოლარი.”-წერს ბასილია.