„თეატრი ეთმობა კონცერტებს, თაშფანდურებს, გაურკვეველი ჟანრის ღონისძიებებს და ყველაფერი მორგებულია ამ ერთი კაცის, დავით კინწურაშვილის პიარზე“ – ამის შესახებ მსოფლიო დონის სოპრანომ, თამარ ივერმა „მეტრონომს“ განუცხადა.
დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჯერ კულტურის სამინისტროსთან, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, დავით კინწურაშვილს მას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, რასაც არჩევამდე ოპერის თანამშრომლებს პირდებოდა.
დავით კუნწურაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგია მსოფლიო დონის სოპრანო, თამარ ივერიც. მას აქამდეც ხშირად დაუფიქსირებია საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ. როგორც „მეტრონომთან“ ივერმა აღნიშნა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში თეატრი უძრაობაში და სრულ კოლაფსშია, გარდა ამისა ივერი ძალიან ბევრ ფინანსურ დარღვევებსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს.
„თეატრი კოლაფსშია, – არ აქვს რეპერტუარი, არ საქმდებიან მომღერლები, 36 მომღერლიდან 7 მომღერალს ძლივს ასაქმებენ. თეატრი ეთმობა კონცერტებს, თაშფანდურებს, გაურკვეველი ჟანრის ღონისძიებებს და ყველაფერი მორგებულია ამ ერთი კაცის, დავით კინწურაშვილის პიარზე. ყველა ღონისძიების საღამოს გმირი ის უნდა იყოს, ის ზრუნავს მომავალ კარიერაზე და თეატრია მისთვის ტრამპლინი, თორემ ამ თეატრის კეთილდღეობა და პროფესიონალიზმი ნაკლებად აინტერესებს. სპეციალურად დაინიშნა იმისთვის, რომ თავის „ბექგრაუნდზე“ იზრუნოს და კარგი მომავალი შეიქმნას, თუმცა ხალხი ამას ხვდება. ის არაფერს აკეთებს დასისთვის, დღე და ღამე ზრუნავს საკუთარი პიარისთვის. ასევე ძალიან ბევრი ფინანსური დარღვევებია, თანხების არამიზნობრივი ხარჯვები, პრემიები მხოლოდ დირექციისთვის და ეს ყველაფერი დაგროვდა“- აღნიშნა „მეტრონომთან“ საუბრისას თამარ ივერმა.
მისი თქმით, დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნას ორკესტრიც შეუერთდა.
„17-ში ეს „ვაი სეზონიც“ მთავრდება „აბესალომ და ეთერით“ და 99%-ით სპექტაკლი ჩაიშლება. ედმუნდი უარს აცხადებს სიმღერაზე. საერთოდ, გუნდი ამბობს, რომ სანამ კინწურაშვილი იქნება ხელმძღვანელი, ისინი არ იმღერებენ“- განმარტა ივერმა.
მსოფლიო დონის სოპრანო კინწურაშვილის მხრიდან თანამშრომლების დაშინებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მათ ან ხელფასების დაკლებით ან გათავისუფლებით ემუქრება.
„დაშინება მიმდინარეობს, დასს ეუბნება, რომ ვინც მიიღებს მონაწილეობას ან მოგხსნით, ან ხელფასებს დაგაკლებთო, ძალიან პოლიციური რეჟიმია თეატრში, სტატუსების მოწონებისაც ეშინია ხალხს, ისეთი ზეწოლა აქვთ. ამასთანავე, ჩვენი აზრით, ჯანმრთელობის თემითაც დაიწყო მანიპულირება. დღეს უნდა ყოფილიყო ტელეკომპანია „იმედის“ არხზე ტელედებატები და გამოგვიგზავნა ინფორმაცია, რომ გულის შეტევით საავადმყოფოშია მოთავსებული. თუმცა ვერსად მოვიძიეთ რომელ საავადმყოფოში და რაღაცნაირად ტყუილის და თავის არიდების სუნი ასდის ამ ყველაფერს. ვერც ავადმყოფობა და ვერც ვერაფერი გააჩერებს ამ დასს, ფაქტია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ ვერ ახერხებს თეატრის მართვას“- განუცხადა „მეტრონომს“ თამარ ივერმა.
მისი თქმით, მოწვეული საერთაშორისო მომღერლები თეატრის გუნდს გვერდში უდგანან და სოლიდარობას უცხადებენ.
რაც შეეხება ინფორმაციას დავით კინწურაშვილის ავადმყოფობის შესახებ, „მეტრონომს“ აღნიშნული თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ჩიხლაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, კინწურაშვილი დღეს საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.