მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. მას თავისი კანდიდატურა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ვაკანსიაზე ჰქონდა წარდგენილი.
სულ ამ კოლეგიაში მოსამართლის 10 თანამდებობაზე ჩატარდა კონკურსი. ურთმელიძე ორჯერ გავიდა მეორე ტურში, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად არჩევისთვის საკმარისი – საბჭოს წევრთა რაოდენობის მინიმუმ 10 ხმა ვერ მოაგროვა.
დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაართეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე მოსამართლის თანამდებობაზე ცაგერის რაიონულ სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა, 2010 წლიდან კი მივლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.