ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ადეიშვილი ჩვენებას სააკაშვილზე მისცემს, საპროცესო გარიგების მომხრე ვიქნები“

კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მის საქმეში ჩვენებას მისცემს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ის მომხრე იქნება, რომ ადეიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

„მე მათ მაშინვე შევუნდე, როცა მკლავდნენ. რაც შეეხება დამკვეთებს, ძალიან რთულია იმ ადამიანების შენდობა, რომლებიც არ ნანობენ ჩადენილს და ისწრაფვიან, რომ კიდევ ჩაიდინონ ასეთი რამ. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები ნანობენ მხოლოდ იმას, რომ ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმა და ვერ შეინარჩუნეს ხელისუფლება.

ადეიშვილიც შუალედური რგოლია ამ საქმეში და თუ ადეიშვილი მისცემს ამ საქმეში ჩვენებას სააკაშვილზე, მე მის მიმართაც საპროცესო გარიგების მომხრე ვიქნები,” – აცხადებს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურამ განაცხადა,  რომ გახსნილია 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე  თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ადეიშვილი დავითაშვილის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....