პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი სააგენტო “პირWელთან” საუბარში პროკურატურის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მისი ცემის საქმის გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა:
“ძალიან რთულია კმაყოფილების განცდა გქონდეს, რადგან 2007 წლის შემდეგ, ბევრი წელი გავიდა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სიამოვნებით შევუნდობდი დამკვეთებსაც, მაგრამ ორი პირობა უნდა არსებობდეს, ერთი ის, რომ იგივე ქმედებას აღარ გაიმეორებს და მეორე ის, რომ უნდა ნანობდეს. ეს პირობა დამდგარი არ არის, “ნაციონალები” კვლავ ცდილობენ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
თუ რამეს ნანობენ არის ის, რომ ხელისუფლება დაკარგეს და კიდევ მეტი ადამიანი არ ცემეს და არ მოკლეს. მათ არც სინანული აქვთ. ამიტომ, მათ მიმართ შენდობა იქნება სახიფათო. ჩემი საქმე საკმაოდ გაჯანჯლდა. გასაგებია, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აჯანჯლებდა, ალბათ, ახლაც “ნაციონალების” ერთგული კადრებით იყო დაკომპლექტებული უწყება. ახლა ფაქტია, ვითარება შეიცვალა.
მე არ მაქვს შურისძიების განცდა, რომ ისინი ციხეში ვიხილო. მივესალმებოდი, თუ ჩვენების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებაზე წავიდოდნენ. მე განცდა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს და ბრძანება გასცეს. მე არ მგონია, რომ მთავარი ფიგურა ადეიშვილი იყო. მთავარი მიხეილ სააკაშვილი იყო”,- აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურტატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის ფაქტი გახსნა. საქმეზე ბრალი წარედგინა დავით ქარსელაძეს, ზურაბ ადეიშვილსა და ედიშერ კობახიძეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.