ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს“

“კომისარ ჰანის დღევანდელი განცხადებები იყო ძალიან დამაიმედებელი, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მზაობას ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარებულად და წარმატებით დასრულდეს. ამიტომ მოლოდინი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას დარწმუნებული ვარ დასრულდება პოზიტიურად და ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა.

მინისტრის თქმით ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შეხვედრის დროს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო ვალდებულება და გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე სამოქმედო გეგმით იყო გათვალიწინებული.

“ამიტომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოსთან მიმართებაში. პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპებით ევროპარლამენტში, ასევე სხვა სტრუქტურებში, ეს კომპლექსური შეთანხემბის პროცესია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული დღის და თარიღის დასახელება. მთავარი არის, რომ ევროკომისარმა დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ეს არის ის მესიჯი, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”- განაცახდა მიხეილ ჯანელიძემ.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მე-13 საერთაშორისო კონფერეციაში “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეობს.

იტვირთბა....