საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარაში ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. პრეზიდენტმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც წარუდგინა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც ბატონი არჩილი აპირებს ჩაბმას. გუშინ საღამოს მე, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, აჭარაში დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. დღეს დილას, მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ხსენებული კანდიდატის – ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მე მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი ფრაქციებთან და რომელიც წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.