ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატები რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას არ გამორიცხავენ

ადვოკატების განცხადებით შესაძლოა პარლამენტის ყოფილი წევრი რუსუდან კერვალიშვილი დააკავონ.

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძებლი მაია რჩეულიშვილი დაპატიმრების შემდეგ ისევ სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს დილით დანიშნული იყო “ცენტრ პოინტის” კიდევ ერთი საქმის განხილვა.

გამოძიება ამ შემთხვევაში რჩეულიშვილს თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს. საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია და ის დაუსრულებელ მშენებლობებს უკავშირდება.

მთავარი ბრალდებულის დარბაზში ყოფნის მიუხედავად, მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და ბადრაგმა მაია რჩეულიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა.

საქმის გადადების მიზეზი რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა. ადვოკატები მის დაკავებასაც არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებას მისი დაკავების საფუძველი არ აქვს.

„პროკურატურის შუამდგომლობა იყო პირდაპირ მაიას წინააღმდეგ მიმართული. იყო პირდაპირ მიმართული ვექტორი მაია რჩეულიშვილის ჩამოშორებაზე საქმის მართვისაგან. ქალბატონი რუსუდანი უკვე დიდი ხანია აღარ არის კომპანიის მართვაში. ის არის კომპანიების დამფუძნებელი მხოლოდ. უშუალო მართვას ის არ ახორციელებს და სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს პროკურატურას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის მოთხოვნაზე,“- განაცხადა ადვოკატმა მარინა ჭიღაშვილმა.

დაცვის მხარისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მომჩივანი მხარის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც კომპანიის მმართველები პატიმრობაში იმყოფებიან.

„აბსოლუტურად ყველა მოწმე ერთადერთი რასაც ითხოვს, ეს არის მშენებლობის დასრულება. მეტი მოთხოვნა მოწმეებს არ აქვთ და იმ პირობებში, რაც გუშინ გააკეთა სასამართლომ, მე არ მესმის როგორ უნდა დაკმაყოფილდნენ ეს მოწმეები და საერთოდ მომავალში რა ეშველება ამ ხალხს, ვინ დაუსრულებს ძალიან მაინტერესებს,“- ადვოკატმა მაია ცუცქირიძემ.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და თანხების თაღლითურად მითვისება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....