ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არ იქნება „ოცნების“ სიაში: დავით ლორთქიფანიძეს პოლიტიკაში დარჩენა სურს

 

მმართველი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო სიას ოფიციალურად ხვალ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ხვალ მთელი დღით იქნება დაკეტილი.

მედიაში ვრცლედება ინფორმაცია იმ დეპუტატების შესახებ, რომლებზეც მმართველმა ძალამ 2016 წლისთვის არჩევანი არ შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” მანდატებს ალექსანდერე ქანთარია, გუგული მაღრაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი და დავით ლორთქიფანიძე დათმობენ.

რამდენიმე თვის წინ, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ღიად გამოხატა უკმაყოფილება თანაპარტიელ მსახიობებსა და სპორტსმენებზე, კობახიძემ წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა და განაცხადა, რომ 2016 წლის საარჩევნო სიაში მსახიობები აღარ იქნებდნენ.

მართალია, მაშინ აღმასრულებელ მდივანს პროფესიული ნიშნით საარჩევნო სიის შედგენის ხისტი მიდგომა დაუწუნეს, თუმცა ნათელია, რომ თუ ამ ადამიანთა ნაწილი  სიის გარეთ აღმოჩნდება, ეს კობახიძის პარტიული პოლიტიკის შედეგი იქნება.

“მეტრონომთან” საუბარში ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში ქანთარია “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობისთვის მზადაა.

“ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ვინ იქნება და ვინ არ იქნება ცალკე საუბარი მიზანშეუწონელია. პარტიის თავმჯდომარე ხვალ პრეზენტაციას აწყობს. პარტიას ახალი სახეები შემოემატებიან. თუ საჭირო იქნება გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, “ქართულმა ოცნებამ” აუცილებლად უნდა აიღოს უმრავლესობა პარლამენტში”. – აცხადებს ქანთარია.

ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სიაში იქნება თუ არა, ამ საკითხზე ჯერ პარტიის მხრიდან უნდა გაკეთდეს განცხადება. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს ღიად საკუთარ პოზიციას.

რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძეს, ის ღიად ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს. უმრავლესობის წევრის მტკიცებით, “ქართული ოცნება” ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შიდა კვლევას აწარმოებს. ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ მშობლიურ მხარეში დამაჯერებელი მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ პარტიის მენეჯმენტი მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

“არ ვიცი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიაში აღარ ვიქნები საიდან ვრცელდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება, სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა “ქართული ოცნების” დეპუტატებიდან ვინ სად და როგორ იქნება მოაზრებული. ხვალ საგურამოში “ქართული ოცნების” ოცეულის პრეზენტაციაა. მე მქონდა და მაქვს ჩემი საფუძვლიანი პრეტენზია, რომ განვიხილებოდე ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარულ კანდიდატად. ჩემი განვლილი გზა, კავშირები ვანის რაიონში, საქართველოში ცნობადობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ ვფიქრობ მოკრძალებული სითამამით შევთავაზო ჩემი თავი ამომრჩევლებს. ჩვენ ვიცით, რომ პარტიაში მიმდინარეობს ოლქების მიხედვით სავარაუდო კანდიდატების დატესტვა, ხდება კვლევების ჩატარება, რათა ამომრჩეველმა თავად შეაფასოს ვინ უფრო რელევანტურია მოცემულ ოლქში იყოს წარმომადგენელი “ქართული ოცნების” სახელით. ვანის და ხონის ოლქში ჩემთან ერთად არის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ჩემთან ერთად კვლევებში ღებულობს მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ გამოკვლევით, რომლის ობიექტურობაში არ მინდა წინასწარ ეჭვი შევიტანო, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მე დამიჭერს. ამომრჩეველი გონიერია, ხალხი ბრძენია, ჩემი გაკეთებული საქმეები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიყო დარწმუნებული და მშვიდად, რომ ვანსა და ხონში მაჟორიტარი კანდიდატი მე ვიქნები. რაც შეეხება სიას, როგორც იცით სიაში გაერთიანებულია მაჟორიტარული და  პარტიული წევრები. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარად ვიყრი კენჭს “ქართული ოცნების” სიაშიც ვიქნები”.

ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ მმართველმა ძალამ წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა შეასრულა, მთავარ ხარვეზად კი პარლამენტის წევრი პიარის ნაკლებობას მიიჩნევს და სწორედ ამით ხსნის მთავრობის მიმართ იმ უკმაყოფლებას, რაც საზოგადოების ნაწილს აქვს.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....