თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მამაკაცმა გავრცელებული ინფორმაციით ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა თანასოფლელი მამაკაცი, ცოლს კი ყურები დააჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ინფორმაციას კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მამაკაცის ცოლი – დარეჯან ფ. ახლა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას მოკლული მამაკაცის ნათესავიც. როგორც ის წერს, მისი ბიძაშვილი სასტიკი წამებით მოკლეს. მისი თქმით, მოკლული 5 შვილის მამა იყო და ბრალდებულის ცოლის დახმარებას ცდილობდა.
„მეტრონომს“ შსს-ში აღნიშნული მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.
„მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს სიხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს, გარდა ამისა, 11 პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.