ესპანეთში მატადორი ვიქტორ ბარიო არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელემაუწყებლობა „ბიბისი“ ავრცელებს და დასძენს, რომ ბოლო 30 წელზე მეტია, რაც კორიდას ასეთი ფატალური შედეგი არ ახსოვს.
გარდაცვლილი 29 წლის ვიქტორ ბარიოა. ის ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო შემთხვევა, როდესაც კორიდამ მატადორი იმსხვერპლა 1985 წელს მოხდა და ის ჯოს კუბერო იყო. „ბიბისი“ იუწყება, რომ წარმოდგენა პირდაპირ ეთერში გადიოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.