ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ საექსპორტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ეს კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას მოახდინონ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და მოვიდეს ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ბოლო სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი და მას შემდეგ, ამ პაკეტის შესრულებაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგზავნეთ მრჩევლები და ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ეს არის ძლიერი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვავითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მანვეა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ქვეყნების და ალიანსის წევრების მიერ იქნება მისაღები.
„თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება იქნება მისაღები მხოლოდ ამ ქვეყნის და ალიანსის წევრების მიერ. არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს უფლება გვიკარნახოს, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება არის დასტური იმისა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება.