„ჩვენ პუტინს ვერაფერს შევთავაზებთ, რადგან მას მხოლოდ კონფლიქტი სჭირდება”- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი მუდმივად ცდილობს რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მაგრამ ამ პროცესს ართულებს რუსული მხარის მოთხოვნები, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.
„ჩვენ პუტინს ვერაფერს შევთავაზებთ, რადგან მას მხოლოდ კონფლიქტი სჭირდება. რუსეთის ხელისუფლებას ურჩევნია, პრობლემები სამხედრო კონფლიქტების და სანქციებით ახსნას, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რეფორმები გაატაროს“, – განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.
მისი თქმით, მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით ნატო-მ რუსულ საფრთხეზე რეაგირება წინასწარ უნდა მოახდინოს.
„თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში დიმიტრი მედვედევმა შესთავაზა ევროპას იმპერიული კონცეფციის მიღება და ფაქტობრივად, XIX საუკუნეში დაბრუნება. ჩვენ ამაზე რეაგირება არ მოგვიხდენია. შემდეგ ურეაქციოდ დავტოვეთ აგრესია საქართველოზე, შემდეგ უკრაინაზე. ამჯერად ჭკვიანად უნდა მოვიქცეთ და შეკავების პროგრამაზე ვიმუშავოთ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.