სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის გარშემო ატეხილ ამბავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მაგდა პაპიძის დანაშაული ბევრს აწუხებს და ბევრი მსჯელობს ამაზე, რაც სრულიად გასაგებია; ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ არ შეუძლიათ ასეთი ქცევის წარმოსახვაც კი!
ალბათ, ბევრს ახსოვს ტრაგედია, რომელიც ჩვენთან, თბილისში მოხდა, საბურთალოზე, პავლოვისა და საბურთალოს ქუჩების კვეთის სიახლოვეს, დაახლოებით 1984-85 წლებში. 28 წლის ქართველმა გოგონამ თავისი ორი პატარა ვაჟი მოკლა! კედელზე კი ამოკაწრა: „ხომ გადაგიხადე სამაგიერო!“ ქმარს მიმართავდა. თვითონ ჩაბარდა. მერე იხსენებდა, როგორ ეხვეწებოდნენ შვილები, არ მოგვკლა, დედაო! სამწუხაროდ ეს მოხდა!
არანაირ პარალელს არ ვავლებ მაგდა პაპიძის საქმესთან. ეს მხოლოდ იმათ გასაგონად, ვისი არგუმენტიცაა: „ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა!“
სამწუხაროდ, ადამიანი ადამიანია და ეროვნების მიუხედავად, შეუძლია ჩაიდინოს სასტიკი დანაშაული“, – წერს ნიკოლეიშვილი.
შეგახენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს მაგდა პაპიძე 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა, ამიტომაც მან თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს განეხილა. 4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული, 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა მიესაჯა.