აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებიდან განხორციელდება. ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.
აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან, ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.
უწყებაში განმარტავენ, რომ 2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს (2015 წელი იანვარ -მაისი 584 ავია რეისი).
რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32,95% -იანი ზრდაა.