უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები დაიწყოს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის შემთხვევაში რამდენიმე ადამიანმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.
„დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც პროკურორების, ასევე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის მხრიდანაც, დაკავებიდან ერთ საათში „ფეისბუქში“ დაწერა სტატუსი, რომ ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია. მან მოახდინა მაგდას დემონიზაცია ხალხის თვალში. არ შეიძლება, თანამდებობის პირები ასე საუბრობდნენ“, – განაცხადა ბექაურმა.
უფლებადამცველმა მაგდა პაპიძის დედასთან, ლია შამუგიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენიაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმე უნდა გადაიხედოს და პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ეს საქმე შეისწავლოს.
შეგახენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს მაგდა პაპიძე 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა, ამიტომაც მან თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს განეხილა. 4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული, 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა მიესაჯა.