მაგდა პაპიძის დედის, ლიანა შამუგიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მისი თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში.
ლიანა შამუგია ამბობს, რომ არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა, გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ პაპიძის დედამთილი, დარეჯან მინდიკაური რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს. პაპიძის დედა მისი შვილის დედამთილს მიუწოდებს, რომ იმ კითხვებზე, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია, პასუხები გასცეს.
”თორნიკე ქაფიაშვილის კისერზე აღმოჩენილ ნაკაწრზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ემთხვევა მაგდას დნმ-ს. თუკი საუბარია იმაზე, რომ მაგდამ გაგუდა ბავშვი ხელის აფარებით, თუ დნმ-ი არ ემთხვევა რის საფუძველზე ავრცელებენ ამას. ასევე ომარის მაისური შემოხეულია და აქვს ნაკაწრები, აქაც აღებულია დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ასევე არ ემთხევევა მაგდას დნმ-ს. ასევე ურნაში ნაპოვნ ნივთებზე არ დაემთხვა მაგდას დნმ-ი. რატომ აუღეს მარტო მაგდას დნმ-ის ნიმუში და სხვას არა, თუნდაც დედამთილს. ეჭვი მაქვს ის რაღაცას მალავს და რაღაცას ხელს აფარებს”, – განაცხადა ლიანა შამუგიამ.
ის მოუწოდებს დარეჯან(ლილი) მინდიკაურს და მას დებატებში იწვევს.
”მინდა მივმართო დედამთილ ლილის. ამ საკითხებით მე კი არ უნდა ვინტერესდებოდე ასე ძალიან, თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ ქალბატონო დედამთილო. მე შენ, დედამთილო ლილი, სახალხოდ გიწვევ დებატებში და გასცემ ყველაფერ იმას პასუხს, რაშიც ადანაშაულებ ჩემს შვილს. ამ კითხვებს გასცემ პასუხს და თუკი ჩემთან დაპირისპირებაზე უარს იტყვი, მაშინ ეჭვი მიჩნდება – ლომის წილი ხომ არ მიგიძღვის ამ შავ-ბნელ საქმეებში. ძალიან საეჭვოა ის გარემოება, რომ გამომძიებელი შემთხვევის დღეს ვერ ხედავს სისხლიან ლაქებს დივანზე და თვენახევრის შემდეგ დედამთილი იბარებს გამომძიებელს და აჩვენებს ყავისფერლაქებიან ტახტს. თვენახევრის განმავლობაში ნუთუ ოდნავი სუნი მაინც ვერ იგრძნო დედამთილმა?! ” – განაცხადა ლიანა შამუგიამ.
შეგახენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს მაგდა პაპიძე 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა, ამიტომაც მან თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს განეხილა. 4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული, 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა მიესაჯა.