ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაშაძემ დაიგვიანა”: ვაშაძე-ჯაფარიძე 5%-იანი ბარიერის პირისპირ

 

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” და “ნაციონალური მოძრაობიდან” ცოტა ხნის წინ წამოსული გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პარტია ”ახალი საქართველო” შესაძლოა გაერთიანდნენ. შესაძლო ალიანსის შესახებ განცხადებები პარტიის ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს.

”ზოგადად საუბრებია არა მხოლოდ ”გირჩთან” არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. ჯერჯერობით გაერთიანების შესახებ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს საუბრები, როგორ შეიძლება ვითანამშომლოთ. შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ, შეიძლება სხვებთან ერთად. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის”. – აცხადებს ვაშაძე.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK კვლევა ჩაატარა. ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, “თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” გამოკითხულთა მხოლოდ 0.3% -მა დაუჭირა მხარი “გირჩს”,  გიორგი ვაშაძის პარტიას ცოტა მეტი 0.5%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნულ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც  მისი აზრით GFK კვლევა რეალობას არ ასახავს.

“ამ „ობიექტური“ კვლევის შედეგები 3 დღით ადრე წინასწარ იცოდა და ამის შესახებ წინასწარ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მანვე გამორჩეულად გაუსვა ხაზი ‘ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილი პარტიების’ რეიტინგს, რომელიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ადარდებს.

კვლევა ჩატარდა GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ “რუსთავი 2”-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო.

იგივე GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების.

იგივე GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა.

გაუგებარია, ასეთი გამოცდილების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა “რუსთავი 2″-მა კვლევის GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ ჩატარება.

ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკრი ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა.

გირჩი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ივლისის პირველი კვირიდან და ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს”. – აღნიშნავს ჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც “გირჩი” პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ჯაფარიძე და მისი გუნდი ყოველგვარ ალიანსს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გამორიცხავდა. რა შეიცვალა დღეს, რატომ დადგა ვაშაძე-ჯაფარიძის ერთიანობა დღის წესრიგში?

შეძლებს ახლადშექმნილი გაერთიანება 5%-იანი ბარიერის გადალახვას და საპარლამენტო მანდატის მიღებას?

ექსპერტ გია ხუხაშვილს ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების პერსპექტივა ქართულ გამოთქმას, “მკვდარი მკვდარს აეკიდას” აგონებს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს  მიაჩნია, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას საპარლამენტო მომავალი არ ექნება.

“მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ. ეს არის კლასიკური შემთხვევა რასაც ქართველები  ეძახიან მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად ამით შედეგი არ შეიცვლება. მათ ჰქონდათ ილუზია, რომ ისინი რაიმე ტიპის ლიდერები იყვნენ და რაღაც შედეგს მიიღებდნენ, თუმცა ეს იყო მხოლოდ ილუზია. რა შედეგი უნდა მიიღონ? ვერ გაცოცხლდებიან ვერც ერთი. ისინი არანაირი ლიდერები არ არიან, მათ ჰქონდათ ილუზია, რომ აქვთ საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტი, სინამდვილეში, ისინი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” საშუალო რანგის ფუნქციონერები და მათზე გარკვეული მოთხოვნა იყო მაშინ, სანამ “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ. პარტიის დატოვების შემდეგ რაც არ უნდა კარგი კოსტიუმი ჩაიცვან და პათეტიკური ტონი ჰქონდეთ ამით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. საქართველოში ყველას აქვს ამბიცია, რომ რაღაცას წარმოადგენს, კარგია, ის მაინც დაინახეს, რომ რეალურად არაფერს არ წარმოადგენენ ცალ-ცალკე. მინდა მათ ვუთხრა, რომ ერთადაც არაფერს არ წარმოადგენენ”. – აცხადებს “მეტრონომთან” საუბარში გია ხუხაშვილი.

ახალი პოლიტიკური ცენტრი მკვეთრად მემარჯვენე ეკონომიკურ იდეებს იზიარებს. პარტიის ეკონომიკური პროგრამის ნაწილია მოგების, საშემოსავლო, ქონების და იმპორტზე გადასახადის გაუქმება, ასევე, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაშვება. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დღეს სახელმწიფოს დახმარება ნაწილდება ყველაზე ერთნაირად, ახალი პოლიტიკური ცენტრის ეკონომიკური პროგრამის მიხედვით კი, ყველაზე მეტ დახმარებას ღარიბი ოჯახები მიიღებენ.

“გირჩის” ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, დარჩება მხოლოდ რვა სამინისტრო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ეკონომიკურ თეორიებსა და ეკონომიკურ გათვლებს ემყარება.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს მისი პოლიტიკური პატია ახლადჩამოყალიბებულია და გარკვეული იდეოლოგია საგარეო ორიენტირის გარდა, თითქმის არ აქვს. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობიდან” ვაშაძის გასვლა, იმდენად არ გააძლიერებს სხვა პარტიებს, რამდენადაც დააზარალებს თავად „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ბევრი რეფორმის უკან სწორედ ვაშაძის პერსონა იდგა.

ზურაბ ჯაფარიძე იყო ერთადერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას შეაქო და აღნიშნა, რომ “ჯაფარიძეს ეკონომიკა” ესმის.

ხუხაშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს და მის გუნდის საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, თუმცა ექსპერტი რესურსების არქონაზე მიუთითებს, რომელიც “გირჩს” ხელს უშლის ეს ხედვები ფართო მასებს გააცნოს.

“მოდით ასე ვთქვათ, მხოლოდ ინტელექტუალური რესურსი ლიდერობისთვის საკმარისი არ არის. ზურა ჯაფარიძეს შესაძლოა რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ მას აქვს საკმარისი კომპეტენცია და კვალიფიკაცია, თუმცა საქართველოში კომპეტენცია წამყვანი პარამეტრი არ არის არჩევანის გაკეთებისას. ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ 10% აკეთებს ასე არჩევანს, დანარჩენი 90%-თვის  მნიშვნელოვანია ქარიზმა, ლიდერის  თვისებები, დინამიკა და ა.შ. ეს უკანასკნელი კი ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს. გასაგებია, რომ ვიღაცას შესაძლოა მოსწონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ესეთი ამომრჩეველი, რომელიც ამ პარამეტრს ყურადღებას აქცევს საქართველოში მხოლოდ 3-5%-ია. სწორედ ამ 3-5%-ის ნახევარში ან მესამედში შესაძლოა იყოს მოთხოვნა იმ ტიპის ინტელექტუალზე, როგორც  ჯაფარიძეა. ის არ არის და ვერც ვერასოდეს ვერ გახდება ლიდერი. პოლიტიკურ ბაზარზე ისევ დაპირებების მოთხოვნაა. ახლა აუქციონი გამოცხადდება და ვინ უფრო მეტს დაპირდება, ის გაიმარჯვებს. უკვე დაიწყეს 300-ლარიანი პენსია, 500-იანი მინიმალური ხელფასი, სხვები ალბათ უფრო მეტს დაპირდებიან. ჩვენი ამომრჩევლის კულტურაც ასეთია, შესაძლოა მიხვდეს, რომ ტყუილია, მაგრამ ტყუილი იაფია”. – ამბობს ექსპერტი.

ცოტა ხნის წინ ზურაბ ჯაფარიძემ ღიად განაცხადა, რომ მისთვის პარლამენტში მოხვედრაზე მნიშვნელოვანი იმ იდეების განხორციელება რაც მის გუნდს აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე შეთავაზების შემთხვევაში იმუშავებს თუ არა ჯაფარიძე კოალიციურ მთავრობაში აღნიშნული რეფორმების გასატარებლად მან განაცხადა, რომ ასეთი თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დროს მზადაა.

“ჩვენთვის მთავარია ის ხედვები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ორი რამ გვაინტერესებს რეალურად, პირველი ამ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება, ჩვენ არ მოგვიგონია რაღაც სასწაული ფორმულა, ჩვენ უბრალოდ ავიღებული გვაქვს ბევრი განვითარებული ქვეყნის მაგალითი როგორ მოახერხეს მათ სწარაფი გამდიდრება. მეორე, არის ის, რომ შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა და ის უფრო ეფექტური გახდეს. ჩვენი პროგრამა ხელმისაწვდომია ყველასთვის. თუ ხვალ მთავრობა გადაწყვეტს, რომ მზად იქნება მოისმინონ ჩვენი ხედვები და გაატარონ რეფორმები დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, რადგან საერთოდ არ მინდა მე ვაკეთო რაღაც. აუხსნი რა არის გასაკეთებელი და დაიწყონ ამის კეთება. მივეხმარები ყველანაირად გაწერილ დეტალებს მივცემ. თუ ამის გაკეთებას ჩემი სადღაც ყოფნა დასჭირდება მეც იქ ვიქნები.” – ამბობს ჯაფარიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი ყოფილ თანაგუნდელებს არითმეტიკას ახსენებს და ამბობს, რომ 0.3% თუ 0.5% დავუმატებთ 5%-იან ბარიერს არ უდრის.

“ვისაც ვისთან უნდა იმასთან გაერთიანდება. ისინი 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ, რადგან 0.3% და 0.5% ხუთს არ უდრის.” – ამბობს რატიანი.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ალიანსის პირობებშიც კი „გირჩს“ ბარიერის პრობლემა ექნება.

„კვლევების მიხედვით გაერთიენების შემთხვევაშიც ვერ გადალახავენ ბარიერს. ვფიქრობს, მათ სხვა დაბალტეიტინგული პარტიებიც მალე შეუერთდებიან. ბუნებრივია, რომ ჯაფარიძე არ ენდობა ამ კვლევებს, რას იტყვის სუსტი ვარ და ჩემი რეიტინგი 0.3%-ია? ეს დამაზიანებელია მისთვის. ამას ურჩევია თქვას, რომ არ ენდობა“. – ამბობს შარაშენიძე „მეტრონომთან“ საუბრისას.

“ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი” კახა გოგოლაშვილი “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ვაშაძე-ჯაფარიძის ერთობა ორივესთვის მომგებიანი იქნება. გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ ვაშაძემ დაიგვიანა, როდესაც დამოუკიდებლად პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ალიანსი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“გიორგი ვაშაძეს ძალიან გაუჭირდება ავტონომიურად პარლამენტში მოხვედრა მიუხედავად მისი პერსონალური შესაძლებლობებისა და რეიტინგისა. მას სჭირდება უფრო ცნობადი და გამოცდილი პოლიტიკოსები. სრულიად ლოგიკურია ეს ალიანსი და მათთვის ორივესთვის სააარგებლო იქნება. ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ. ერთად უფრო სერიოზულ ძალას წარმოადგენენ და ამან მათი რეიტინგი შესაძლოა ერთიორად გაზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გაუჭირდებათ, რადგან კონკურენცია ძალიან მაღალია, საზოგადოებაში პოლარიზაციაც ძალიან მაღალია. პატარა პარტიებს ხმების შეგროვება საკმაოდ გაუჭირდებათ. თუ აქტიური კამპანია ექნებათ შესაძლოა ასეთი შანსი გაუჩნდეთ”. – აღნიშნავს გოგოლაშვილი.

ფაქტი ერთია, საქართველოში წინასაარჩევნოდ პროცესები მუდმივად იცვლება. პოლიტიკური პეიზაჟის ცვლილება პოლიტიკურ სუბიექტებს მოკავშირების ძიებისკენ უბიძგებს.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....