aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ლაფანყურის სპეცოპერაციისას, მოლაპარაკებებზე ვინც გაუშვეს, ერთ-ერთი ჩატაევი იყო“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

Reuters-ის მიერ თურქულ გამოცემა Yeni Safak-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია აჰმედ ჩატაევის შესახებ, საქართველოში ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალება წერდა, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. Reuters-ის ინფორმაციით, ჩატაევი ამ დროისთვის ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” რუსულენოვანი წევრების რეკრუტირებითაა დაკავებული.

თურქი სამართალდამცავები ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩატაევის პირდაპირ კავშირს ამ დროისთვის ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა გუშინ Wall Street Journal-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ეჭვმიტანილ ჩატაევზე. WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს.

“ოფიციალურად დაუდასტურებული ინფორმაციის მიუხედავად, აშშ-ს სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩატაევის გარდა სხვა მოსაზრება ტერაქტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”. – წერს გამოცემა.

თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ ჩატაევის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და უწყება ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.

“ვიცით, რომ გავრცელდა ეგ ინფორმაცია, თუმცა ჯერჯერობით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, რადგან ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს”. – აღნიშნავს ელჩი.

ვინ არის აჰმედ ჩატაევი და რატომ აღმოჩნდა საქართველო საერთაშორისო სკანდალში?

რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის სექტემბერში დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცავებმა ლაფანყურის ტყეში შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფთან მოლაპარაკების მიზნით, სწორედ ჩატაევი გააგზავნეს, თუმცა, ის აღნიშნულ პირებთან დარჩა და შეტაკებისას დაიჭრა. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ის დააკავეს. მიღებული ჭრილობის გამო აუცილებელი გახდა მისი ერთი ფეხის ამპუტაცია. აჰმედ ჩატაევი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მან ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

ქართული მართმსაჯულების მიერ გათავისუფლებული აჰმედ ჩატაევი აშშ-მ გათავისუფლებიდან მალევე შეიყვანა გლობალურ ტერორისტთა სიაში.

2013 წელს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო “ნაციონალური მოძრაობა” მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და პირადად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებს.

თავად წულუკიანმა ჩატაევის საკითხი ჯერ ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს გადააბრალა, ხოლო დღეს მოწოდებით გამოვიდა, რომ ამ საკითხზე დისკუსია შეწყდეს.

“რაც შეეხება ჩატაევს და მის მფარველ სააკაშვილს, მე ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩატაევის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები. რაკი მქონდა კითხვები, ამიტომ მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად. თუმცა, მთავარი პროკურორის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტული იარაღის უკანონო ტარების საქმეში, რომელზეც მას ბრალი ედებოდა, ბრალი ყოფილიყო მოხსნილი. ასეა თუ ისე, ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ როდესაც საქმე ეხება პანკისს, სახელმწიფო უსაფრთხოებას, თუნდაც სახელმწიფო საიდუმლოების და საიდუმლო აგენტების თემებს, აქ დისკუსია კარგია, მაგრამ მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას, ეს უბრალოდ, რჩევა და თხოვნა მექნებოდა ყველასადმი.” – აღნიშნა წულუკიანმა.

ყოფილი პრეზიდენტის და ოდოსის მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩატაევის შესახებ მიმდინარე დისკუსში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი სააკაშვილის აგენტი იყო.

“აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. იგი მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე. ჩატაევი უკრაინაში დააკავეს და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ ამ პირის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის.

მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, თითქოს ვიღაც ადამიანი მოკლა საქართველოში მაშინ, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის საქართველოში მანამდე არასდროს არ ყოფილა. ჩამოიყვანეს, ეს ყველაფერი საათებში მოხდა, უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ შეუთანხმდნენ, ჩამოიყვანეს, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სწორედ ამ გზით გახდა ის უშიშროების აგენტი და იღებდა დავალებებს”. – ამბობს სესიაშვილი.

რამდენად რეალურია სააკაშვილისთვის ჩატაევის საკითხის გადაბრალება, მაშინ როცა საქართველოს გარდა ის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობდა და ამ ქვეყნებმაც ვერ მოახერხეს ტერორისტებთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი ჩატაევის დროულად დაკავება და იმ საფრთეების გამოკვეთა, რაც შეიძლება ამ ადამიანს უკავშირდებოდა.

“მეტრონომთან” საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩატაევის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან აშკარა ურთიერთობაზე საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების მცდელობა ჩატაევი “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს დაუკავშიროს და პასუხისმგებლობა მათკენ მიმართოს, არასწორია.

“2010 წელს ჩატაევი, რომ სპეციალურად ჩამოიყვანეს ეს ჩემთვის მაშინვე ცნობილი იყო. როდესაც უკარაინაში დაკავებული ჩატაევის გამო საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მიმართა და მოითხოვა მისი აქ გადმოცემა, თან მოტივით ვითომ საქართველოში აქვს ჩატაევს დანაშაული ჩადენილი და მეორე მოტივი იყო, რომ მას აქ ნათესავები ჰყავდა. ორივე მოტივი ტყუილი იყო. ამის მიუხედავად, მაშინდელმა ხელისუფლებამ ისარგებლა უკრაინულ მხარესთან კავშირებით და ჩატაევი საქართველოში ჩამოიყვანა. 2010-2011 წლებში ჩატაევი განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენდა, მაგრამ 2012 წლის მარტიდან ზუსტად ვიცით, რომ ჩატაევი ჩართული იყო იმ ადამიანების რიცხვში ვინ ახალგაზრდების გადმობირებას და აქ ჩამოყვანას ახდენდა.  მოსამზადებელი ჯგუფები რომ შეექმნა. ვიცი ადამიანები, რომლებიც ავსტრიიდან და ბელგიიდან ჩატაევმა ჩამოიყვანა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, როდესაც სამი ადამიანი გააგზავნა ჩვენმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებებისთვის ამ სამიდან ორი უშიშროების თანამშრომელი იყო, მესამე კი ჩატაევი. რატომ გააყოლებდნენ ამ ორ კაცს აბსოლუტურად გარეშე პირს ეს ხომ წარმოუდგენელია, თან ამ ორიდან ერთი ქისტი იყო. ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ეთიკური ბალანსი დაცული იყო. არ ვიცი რა დავარქვა ჩატაევს აგენტი, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ფორმით ის საქართველოს უშიშროებასთან თანამშრომლობდა”. – აცხადებს არეშიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე The Daily Beast-თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს რის გამოც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჩატაევი ციხიდან გაუშვა.

“რამდენიმე წლის წინ ჩატაევი ავიყვანე, რომელიც კარგი ინფორმატორი და მომლაპარაკებელი იყო ჩვენსა და ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთის დაჯგუფებებს შორის. მისი დახმარებით საქართველოში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა აღვკვეთეთ. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხალმა ხელისუფლებამ ჩატაევი გაათავისუფლა და მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ალბათ ჩატაევი მათ შეპირდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ჩემ წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებებს. ივანიშვილის მთავრობამ ჩატაევი ციხიდან გაუშვა, რაც დიდი შეცდომა იყო. მე ვამბობ, რომ ტერორთან ბრძოლა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ”. – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

არეშიძის შეფასებით ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

“არაფერი გამიგია იმის შესახებ, როომ ჩატაევს თითი მაიცდამაინც სააკაშვილზე დაედო. ის, რომ ის ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა ეს ყველამ კარგად იცის. საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათგან მსგავსი ტიპის კითხვები ძალიან მიკვირს, რადგან ადამიანი, რომელიც ლაფანყურში ძალიან მკვეთრად გამოჩნდა როგორც შუამავალი რათ უნდა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ ის უშიშროებასთან დაკავშირებული იქნებოდა. ხელი დაადო, რომ ამბობს ლორთქიფანიძე სააკაშვილზე, სად გამოჩნდა ეს, რომ ჩატაევმა სააკაშვილს ხელი დაადო, ან მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა?” – აღნიშნავს არეშიძე.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარი სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე ღიად მიანიშნებს. მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შემდგომ მას მოუწევს ჩატაევის საკითხზე პასუხისმგებლობის აღება.

“ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. ცხადია, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა  არსებობდეს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები. როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია – ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა“. – ამბობს სუბარი.

არეშიძე ქვეყნის შიგნით პასუხისმგებელი პირის ძებნის პერსპექტივას არ განიხილავს და ამბობს, რომ ჩატაევი რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა და შესაბამისად, ამ ქვეყნებმაც უნდა აიღონ მასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა.

“არ მგონია პასუხისმგებლობის აღების კუთხით ეს საკითხი აქტუალური იყოს, რადგან ჩატაევი ასეთივე პრინციპით გაშვებული ჰყავს ჯერ რუს სამართალდამცავებს, შემდგომ შვედ სამართალდამცავებს, მერე ბულგარელ სამართალდამცავებს , უკრაინელებს, მაშინ ყველა ამ ქვეყნის წარმომადგენელმა პასუხი უნდა აგოს. გარდა ამისა, აჰმედ ჩატაევი მთელი ამ ხნის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მაშინ თურქებმაც უნდა აგონ პასუხი, რომ ჩატაევს ამდენი ხანი იფარავდნენ. რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ რუსმა სამართალდამცავებმა დიდი ხნის წინ შეატყობინეს თურქებს, რომ ჩატაევი ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. აქ სხვა მიზეზებზე შეიძლება ვისაუბროთ ესენია: ან ტოტალური უყურადღებობა ან განსაკუთრებული ძალები მფარველობენ ამ პიროვნებას”. -აცხადებს მამუკა არეშიძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი 2004 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა, ამის მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პასუხისმგებლობის დაყენებაზე არავინ საუბრობს.

“მეტრონომთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩატაევის სამქეებზე პასუხისმგებლობა იმ პირებს უნდა დაეკისროთ, რომლებმაც მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.

“ეს არის იმ ხალხის პასუხისმგებლობა ვინც უშუალოდ გადაწყვეტილება მიიღო. წულუკიანმა მიიღო თუ სხვამ არ ვიცი. მათ ძალიან მარტივ კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი რა მოტივით გაუშვეს ჩატაევი? მათ იცოდნენ ჩატაევი ვინ იყო და რა სახელი ჰქონდა. რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს. სააკაშვილი რადგან აფინანსებდა ამიტომ გაუშვეს ჩატაევი?” – აცხადებს უტიაშვილი.

თავად სააკაშვილს მიაჩნია, რომ აჰმედ ჩატაევის საკითხით დიდი საერთაშორისო სკანდალის ნაწილი გავხდით და ამაზე პასუხი მოქმედ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ.

სანამ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ჩატაევის გაშვებით სპეკულირებენ და თურქი სამართალდამცავები იძიებენ მართლაც ჰქონდა თუ არა კავშირი აჰმედ ჩატაევს ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან, ფაქტია, რომ  28 ივნისს, ღამით, სტამბოლში აფეთქებას ბოლო მონაცემებით 45 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

ვიდეომასალის შესწავლისა და თვითმხილველების დაკითხვის შედეგად, თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტები, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იყვნენ.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

იტვირთბა....