https://www.youtube.com/watch?v=C-O06Vz7Z2c
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ელგუჯა კ., 1959 წელს დაბადებული კარლო ნ. და 1987 წელს დაბადებული ვახტანგ კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ინტერნეტბანკში სამი მოქალაქე დაარეგისტრირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში ანგარიშები ჰქონდათ. შემდეგ კი მათ ინტერნეტბანკის მონაცემები, საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, მოტყუებით გამოართვეს. ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში, აღნიშნული მოქალაქეების ნებართვის გარეშე, მათი სახელებით, ინტერნეტბანკის საშუალებით, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღეს და ერთმანეთში გადაინაწილეს.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).