საზოგადოება

ფრთხილად იყავით!!! იპოდრომზე დაავადება ბორელიოზის შემთხვევები დასტურდება

ენმ-ის წევრი, მარიამ საჯაია, სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელ პოსტს ავრცელებს:

„ფრთხილად იყავით იპოდრომზე და მსგავს ადგილებში. შხამიანი მწერები, ტკიპები და უბედურებები იკბინებიან. არის ბორელიოზით დაავადების შანსი, გადასხმების და 3-6 კვირიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერსპექტივით – ჩემსავით…

თუ რამე მსგავსი დაგემართებათ (ნაკბენის დასიება, ქავილი, სიმხურვალე) მიდით ანალიზზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (ასათიანის 9). უფასოა აქ ანალიზი ექიმის მიმართვით თუ მიხვალთ და პასუხი მეორე დღესვე, განსხვავებით ერთი cool კლინიკისგან, სადაც თანხას გათხლეშინებენ და პასუხს 1 კვირაში გეუბნებიან.

გადამდები არ არის, ანუ საშიში არ ვარ (მაგ მხრივ))))

ჰო კიდევ, გაზრდილია შემთხვევების რიცხვიო, ყველგან სადაც მივედი ამას მეუბნებიან და ვინმემ ხალხს სიფრთხილისკენ რომ მოუწოდოს არა?! უამრავი ადამიანი, მით უფრო ბავშვი დადის ყოველდღე იპოდრომზე“-წერს მარიამ საჯაია.

როგორც „მეტრონომს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, საშიშროება არ არსებობს:

„ტკიპებს ყოველთვის გადაჰქონდათ ამგვარი დაავადებები. სიახლე მხოლოდ ის არის, რომ ამ ეტაპზე ბორელიოზის ანალიზი და მკურნალობა უფრო გაადვილებულია.  სხვა მხრივ, დაავადებების მატების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბორელიოზით და ტკიპებისგან გადამდები დააავადებებით ევროპაში უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე-საქართველოში. მოსახლეობას მათგან თავის დაცვა მწერების საწინააღდეგო ხსნარებით შეუძლია“-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლიც გადაიტანება ტკიპების მეშვეობით.

სხეულის ზედაპირზე ტკიპის პოვნისას, ტკიპა ფრთხილად უნდა მოიცილოთ: არ შეიძლება მისი გაჭყლეტა, რადგან  პათოგენურ მიკროოგანიზმებს, მის  სანერწყვე ჯირკვლებში უდევს ბინა- ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. სასურველია ტკიპის ზედაპირზე დაასხათ ზეთი, რაც მას მოადუნებს და უმოძრაოს გახდის და შემდეგ დოლბანდის საშუალებით მოაცილებთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე წრიული მოძრაობით. არსებობს ტკიპების მოსაცილებელი სპეციალური მოწყობილობები. თუ ტკიპის ნაწილი, კერძოდ, თავი ჭრილობაში ჩარჩა (ის შავ წერტილს ემსგავსება), ასეთ დროს უნდა  მიაკითხოთ ქირურგს სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ტკიპების კბენის შედეგად ბორელია ხვდება  ადამიანის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას. ბორელიოზი სისტემური დაავადებაა, რომელსაც სამი სტადია ახასიათებს:

 

პირველი  სტადია ვითარდება ტკიპის კბენიდან ერთ კვირაში ან უფრო გვიან და გრძელდება 3-დან 33 დღემდე. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე). თუკი თერაპია იწყება ამ სტადიაზე, მაშინ დაავადების შემდგომი განვითარება შეიძლება თავიდან იყოს აცილებული.

 

კბენიდან რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყება დაავადების მეორე სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ართრიტი (სახსრების ანთება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად მენინგიტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფრტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი, დიდი სახსრების ანთება და ტკივილი. დაავადების II სტადიისათვის დამახასიათებელია გულის დაზიანება და ნევროლოგიური “ტრიადა“:  ასეპტიკური მენინგიტი, სახის ნერვის პარალიჩი და პერიფერიული ნევროპათიები.

 

მესამე სტადია თვეების ან წლების მერე გამოვლინდება ქრონიკული ართრიტისა და, ზოგიერთ პაციენტში, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სახით. ნევროლოგიური გართულებები შეიძლება იყოს: ტვინის გარსების ანთება (მენინგიტი), სახის ერთი ნაწილის დროებითი პარალიზი კიდურების სისუსტე ან უმოძრაობა, კუნთებში მოძრაობის შეზღუდვა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა. არანამკურნალებ პაციენტებს უნვითარდება სახსრების მძიმე დაზიანებები.

აქ ჩამოთვლილია თითქმის ყველა სიმპტომი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ლაიმის დაავადებამ, თუმცა რასაკვირველია ერთ ადამიანს ყველა მათგანი არ გამოუვლინდება… თან დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და თუ დროულად მივმართავთ ექიმს, ადრეულ სტადიებზევე მოხდება განკურნება.

 

მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, რომელიც უნდა შეარჩიოს ექიმმა დაავადების სტადიისა და სიმპტომების მიხედვით. შეიძლება აგრეთვე დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

 

მანა ნოდია

 

იტვირთბა....