ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა გაიხსნა. ბრალდებულის დაკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვის ნაწილში სხდომა საჯაროდ გაიხსნა. მოწმის სახით დაიკითხა მაგდა პაპიძის ბიძაშვილი ლიანა შამუგია.
მან გაიხსენა ის დეტალები, რაც შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა.
”ღია იყო კარი რომ მივედი. ცხედრებისთვის ოთახი უკვე მომზადებული იყო. მაგდას დედამთილის ოთახში შევედი. პერიოდულად მეზობლები შემოდიოდნენ. ქალბატონი ლილიც წაიყვანეს დაკითხვაზე. როცა დაბრუნდა, რა ხდება გამაგებინეთო ლანამ ჰკითხა. მეზობელ ქალბატონთან ერთად შემოვიდა, ”ყველაფერი მაგდასკენ მიდის”, თქვა ლილიმ. ეს უცნაური და შოკისმომგვრელი იყო. მერე წამოვიდა ეს აზრი, რომ მაგდასთვის სამოსი და წამალი უნდა მიეწოდებინათ. ქალბატონმა ლილიმ თქვა მოვძებნოთო, ოთახში შევედით მაგდასთან, დივანზე საეჭვო ლაქა არ შემიმჩნევია. იყო ის მოსაზრება, რომ სახლში მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერს ვაკვირდებოდი. სუნიც არ იყო, მე სუნებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც მაქვს.
თუ ვინმემ დაინახა და იქ იყო მართლა, მე რატომ არავინ მიმითითა, რომ შენმა მამიდაშვილმა ეს ქნაო. კედლებიც დავათვალიერე, ვეძებდი რაიმე კვალს, რადგან ყურში მხვდებოდა, რომ მაგდასთან ოთახში მოხდა ეს ყველაფერი.
ლილი იყო უზომოდ გადაღლილი და განერვიულებული. მაგდას მიმართ არ ყოფილა ის აგრესიული. მეზობლებისგან უფრო იყო ეს, ”აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო”, ამბობდნენ ისინი. შემდეგ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია. მოწმეებიის მხრიდანაც წამოვიდა ეს ყველაფერი. იქმნებოდა მტრის ხატი”.- განაცხადა ლიანა შამუგიამ.
ამაზე მოსამართლემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ის, რომ სხდომა იყოს საჯარო, ეს ბრალდებულის სურვილია, ხოლო სასამართლო ვერ შეუზღუდავს მედიას გამოხატვის თავისუფლებას. თუ მოწმე არის მედიის გაშუქებით უკმაყოფილო, ეს უკვე სხვა საკითხია.
ლიანა შამუგიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამამისი და დედამისი დაშორებულები არიან, მას ხშირი კონტაქტი აქვს მამიდაშვილებთან. შეგახსენებთ, გამომძიებელმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, აღნიშნა, რომ ბრალდებულის ბიძამ მის მიმართ უარყოფითი ჩვენება მისცა.
მოწმე სიძეს ძალიან კარგ პიროვნებად ახასიათებს. მაგდა პაპიძეს კი გაწონასწორებულ და ზედმეტად ფრთხილ დედად.
მან ისიც გაიხსენა, თუ რა ვითარებაში დაიღუპა მაგდა პაპიძის მამა.
”მაგდას მამა მეხუთე სართულიდან გადავარდა, მაშინ როდესაც მეზობელი ქალის აივანზე გადასვლას ცდილობდა”. – აღნიშნა მოწმე ლიანა შამუგიამ.
შეგახსენებთ, მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკევეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.