“მაგდა პაპიძემ სასამართლოს გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა”- ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღევანდელი დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბრალდებულმა ისაუბრა 19 დეკემბრამდე პერიოდზე, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობაზე, 19 დეკემბრის ღამეზე და მის შემდგომ პერიოდზე. თავისებური ახსნა აქვს მას არსებული რეალობის, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.
დღეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დაკითხვის ნაწილში სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მისი დაკითხვისას აუცილებლად გაჟღერდებოდა დახურილი სხდომიდან მტკიცებულებები. ბრალდებულმა მოითხოვა, რომ ასეთ შემთხვევაში საჯარო სხდომა დახურულიყო, რადგან მას სურდა, რომ ნაფიცი მსაჯულების წინაშე ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა.
ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დარეჯან მინდიკაური სხდომაზე დარჩენილიყო, რადგან დაზარალებულს, რომელსაც მოუკლეს შვილი და შვილიშვილი, ამ საქმის მიმართ ინტერესი აქვს. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, ხოლო დაზარალებულის უფლებამომაცვლე სხდომაზე დარჩა.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, სწორედ ამიტომ მისივე მოთხოვნით, ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.