ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიამონიტორინგის “ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი” ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევისთვის შერჩეული იყო “პირველი არხი”, “რუსთავი 2”, “იმედი”, GDS, “მაესტრო”, “კავკასია” და “ტაბულა”. ანგარიშის თანახმად, მკვლევარები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას, რომელიც პრაიმ ტაიმში გადიოდა ეთერში.
კვლევის მიხედვით, ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ. ამ სუბიექტს საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო (47%) GDS-მა დაუთმო. მთავრობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე ნაკლები (11%) უარყოფითი გაშუქებაც ამ არხზე დაფიქსირდა.
მთავრობა დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად (3%) “რუსთავი 2”-ის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონიც მთავრობის მისამართით ამ არხზე დაფიქსირდა.
კოალიცია “ქართული ოცნება” და პარტია “ქართული ოცნება” უარყოფით ტონში ყველაზე მეტად “ტაბულასა” და “რუსთავი 2”-ზე გაშუქდა, ნაციონალური მოძრაობა კი – GDS-სა და “იმედზე”.
“პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” უარყოფით ტონში არც ერთ არხზე არ გაშუქებულა. მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.
მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო (44 წთ) “რუსთავი 2”-მა დაუთმო. ამ სუბიექტის დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (56%) ამავე არხზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (59%) “მაესტროს” ეთერში გაშუქდა
ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო რუსთავი 2-ის ეთერში დაეთმო 1სთ და 15 წუთი და უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (88%) ამავე არხზე გაშუქდა. ბიძინა ივანიშვილი დადებით ტონში ყველაზე მეტად (99%) GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას ჯამში 17 წუთი დაეთმო.
დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს პოლიტიკის გაშუქებას უთმობდნენ, განსაკუთრებით მცირე დროს კი – სოციალური თემატიკის გაშუქებას.
პოლიტიკურ თემატიკას ტელეარხებს შორის ყველაზე ხშირად (46%) ტელეკომპანია იმედი აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად კი – რუსთავი 2 (30%).
სოციალურ თემატიკას ყველაზე ხშირად (7%) რუსთავი 2 აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად -ტაბულა (3%).
საარჩევნო თემატიკას ყველაზე ხშირად “მაესტრო” აშუქებდა (13%), ყველაზე ნაკლებად კი – GDS-ი (5%).
კვლევის თანახმად, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული ტელევიზიების ტოქშოუებში არ იყო წარმოჩენილი მხარე, რომლის კრიტიკაც გადაცემაში ხდებოდა:
“ზოგჯერ წამყვანი მაყურებელს იმ მიზეზს უხსნიდა, თუ რატომ არ მონაწილეობდა ესა, თუ ის სუბიექტი გადაცემაში, თუმცა ხშირად ამის განმარტება არ ხდებოდა. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა ბოიკოტის რეჟიმშია თუ არა სუბიექტი ტელეარხთან მიმართებაში, წამყვანებმა ყველა გადაცემაში უნდა აცნობონ მაყურებელს, რატომ არ მონაწილეობს გადაცემაში სუბიექტი.”-ნათქვამია კვლევაში.