ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკანონო მოსმენების საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ბრალდებულების: ვასილ ლ-ს, ლევან ქ. და შოთა ხ.-ს მიმართ. აღიშნულის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

„სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამივე მათგანს, ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე, 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

ასევე, ბრალდებული ვასილ ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ კომპიუტერული პროგრამის  უნებართვო დამზადებაში, (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ამ დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 4 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვასილ ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ბრალდებული შოთა ხ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი  და გამართლდა სხვისი ნივთის გაფლანგვაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა – 150 000 ევროს ოდენობით, არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ”ოცნების” წარმომადგენლების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

იტვირთბა....