ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტანისლავ ბონდარენკოს სახელით ჩადენილ სავარაუდო თაღლითობის შესახებ წერს:
„ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა რომელიც მას ეკუთვნოდა. ბონდარენკო რომელი ღონისძიებისთვისაც ჩამოიყვანეს, სპექტაკლებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ და სხვა ღონისძიებებიდან. თორემ გახსნილ ანგარიშზე რომ თანხები ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით, ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ვინ და რატომ ითაღლითა.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს პოპულარულმა რუსმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ 10 მარტს თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაიმართა.
რუსმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც ზურიკელას როლი შეასრულა.
სპექტაკლის შემდეგ ბონდარენკო ქართველ საესტრადო მომღერლებთან და ანსამბლ „სუხიშვილებთან“ ერთად გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე.
მიხეილ სხვიტარიძეს ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ოსტეოპოროზი აქვს, რომელიც ძვლის სიმტკიცის დაქვეითებითა და მოტეხილობების მაღალი რისკით ხასიათდება. 2007 წლიდან მან რვა ოპერაცია გადაიტანა.
მიხეილს ყოველ სამ თვეში ესაჭიროება სისხლის გადასხმა, ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ, ასევე სრულფასოვანი კვება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები ნათია ქარდავა და ელენე თარგამაძე იყვნენ.