ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერის განცხადებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია“ იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები.“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება, მის მშენებლობაზე კი 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, მოფრენის ახალი ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.