პოლიტოლოგი გია ნოდია გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება. ნოდიას შეფასებით, მოკლედვადიან პერსპექტივაში, ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ცუდია საქართველოსთვის.
“მოკლედვადიან პერსპექტივაში, ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ცუდია საქართველოსთვის: ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, იქნება შოკის მდგომარეობაში და სხვებისთვის ნაკლებად ეცლება. საქართველოში, ბრიტანეთისგან განსხვავებით (მაგრამ ზოგი კონტინენტური ერის მსგავსად), ევროსკეპტიკოსი უპირველეს ყოვლისა პრორუსს ნიშნავს, ამიტომ ამ უკანასკნელებს მეტი სალაპარაკო მიეცემათ.
ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოგებულია რუსეთი, რადგან ევროკავშირის დასუსტება ავტომატურად ახარებს რუსეთს (მაგრამ აძლიერებს თუ არა ის მას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ცალკე საკითხია).
საშუალოვადიან პერსპექტივაში, მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა დეზინტეგრაცია ორივე გაყრილი მხარის შიგნით. დღეს გამარჯვებულები არიან შოტლანდიელი ნაციონალისტები: შოტლანდიის ინგლისიდან გამოყოფა გაცილებით უფრო რეალისტური პერსპექტივა გახდა. ერთიანი ირლანდიის იდეაც (ევროკავშირის ფარგლებში) დღის წესრიგში ბრუნდება – თუმცა მისი განხორციელება უფრო რთული იქნება. შეიძლება დიდი ბრიტანეთი ინგლისის და უელსის ამარა დარჩეს (თუმცა რა ვიცით, უელსელები რა ხასიათზე არიან ამ დილით?).
ყველაზე წაგებულია ევროკავშირი, როგორც პროექტი. გულუბრვილოა იმაზე ფიქრი, რომ ახლა, ბრიტანელების გარეშე, ევროკავშირი უფრო შეკავშირდება, უფრო „გაფედერალურდება“. პირიქით, ევროსკეპტიკოსები ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში გაძლიერდებიან. განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთის ქვეყნებს (ნიდერლანდები, დანია, შვედეთი) სადაც დემოკრატიული ტრადიციები უფრო ძლიერია. შეიძლება გაიზარდოს ევროკავშირში პოლონეთის როლი. ობიექტურად ძლიერდება გერმანია, – მაგრამ, ავტომატურად, გაძლიერდება ანტიგერმანული განწყობებიც. ასე რომ, ტურბულენტური პერიოდი რომ ეწყება ევროკავშირს, ვიცით, მაგრამ რით დასრულდება ის – ნურავინ დაიჩემებს, ვიციო. საბოლოოდ არ გამორიცხავ, რომ ტურბულენტურობის პერიოდის შემდეგ ევროკავშირის კონსოლიდაცია მოხდეს – მაგრამ ინტუიცია უფრო საპირისპიროს მკარნახობს.
უფრო ფართოდ და ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ეს არის მასების დიდი გამარჯვება ელიტების წინააღმდეგ: „ბრექსიტმა“ გაიმარჯვა ბრიტანული ელიტების კონსენსუსთან ბრძოლაში. იგივე ტენდენციაა (ელიტების ბროლა ელიების კონსენსუსის წინააღმდეგ) წამყვან დასავლურ დემოკრატიებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს (მაგ., ტრამპის და სანდერსის ფენომენები მასების აჯანყების გამოხატულებაა). ამიტომაცაა ეს ყველაფერი სახიფათო ევროკავშირის პროექტისთვის, რადგან ეს იმთავითვე ელიტების პროექტი იყო მასების წინააღმდეგ.
მასების აჯანყება ნიშნავს ნაციონალიზმის აღზევებასაც. საუბარი ერი-სახელმწიფოს აღსრულებაზე დასრულდა. პირიქით, ერი-სახელმწიფოს ახალი აღზევების ხანაში ვიმყოფებით.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი საფიქრალი: ევროკავშირის პროექტი კი დასუსტდა, მაგრამ ევროპა, როგორც იდეა, როგორც ცივილიზაცია რჩება (და ბრიტანეთი კვლავ მისი ნაწილია). საბოლოო ჯამში, სუსტდება თუ ძლიერდება ევროპული ცივილიზაციის, ან დასავლური ცივილიზაციის იდეა? დასუსტდება თუ გაძლიერდება ნატო, რომელიც, ევროკავშირისგან განსხვავებით, მთლიანად დასავლური ცივილიზაციის ორგანიზაციაა?
აბა, რაც ვიცით.” – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.