დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Abkhazinform ე.წ პროკურატურის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა.
ამავდროულად ქართული მედიის ნაწილი წერდა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი დაკავებულია, თუმცა “მეტრონომთან” საუბარში პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს ე.წ მესაზღვრის მიერ იქნა მოკლული.