ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ან ბოდიში, ან სასამართლო: “მედიის განვითარების ფონდი” სააგენტოს პასუხობს

 

სააგენტო newspress არასამთავრო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს” არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მოითხოვს ორგანიზაციამ ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივ დავას აპირებს.

საქმე ეხება ცოტა ხნის წინ “მედიის განვითარების ფონდის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებების ამა თუ იმ მედიასაშუალებების დაფინანსებას ეხებოდა. ფონდის ინფორმაციით, სააგენტო newspress-მა 2015 წელს ბიუჯეტიდან 23 371 ლარის დაფინანსება მიიღო, ხოლო 2016 წელს – 28 941 ლარი.

“უკანასკნელ დღეებში ინტერნეტსივრცეში მკვეთრად იმატა მასალებმა, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

ვგულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“დასკვნას, სადაც სააგენტო „ნიუსპრესი“ პრორუსულ მედიასაშუალებადაა მოხსენიებული.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: სააგენტო „ნიუსპრესი“ არასდროს ყოფილა და არც არასდროს გახდება „პრორუსული“, „პროდასავლური“ ან „პროსახელისუფლებო“!

მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რისი მიზეზიც, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის მოსაწონ სარედაქციო პოლიტიკას არასდროს გავატარებთ.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ქალბატონი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე.

რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ „უცხოური პრესის“ რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ მასალებს, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ისედაც ცხადია, ხოლო დაინტერესებული პირი ადვილად დარწმუნდება, რომ ასეთ მასალათაგან მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს რუსული მედიის მიმოხილვას, 75 პროცენტი დასავლური მედიის მიმოხილვას, ხოლო 10 პროცენტი აღმოსავლური და კავკასიის ქვეყნების მედიამასალების მიმოხილვას.

ასე რომ, ამ მიზეზით სააგენტოს „პრორუსულ“ მედიად მოხსენიება სასაცილო იქნებოდა ეს რომ მხოლოდ არაპროფესიონალიზმის ბრალი იყოს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ იტოვებს უფლებას მისი დიკრედიტაციის მცდელობას წინ აღუდგეს ნებისმიერი სამართლებრივი გზით და მოუწოდებს „მედიის განვითარების ფონდს“ გონივრულ ვადაში მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აუცილებლად გადაინაცვლებს სასამართლოში, რადგან არ ვაპირებთ, ჩვენი დისკრედიტაციის ხარჯზე, ვინმეს, პოლიტიკური ან სხვა სახის მიზნების განხორციელებაში დავეხმაროთ”.-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Newspress-ს “მედიის განვითარების ფონდში” უპასუხეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კვლევა რეალობას ასახავს, ხოლო თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სამართლებრივად სურს დავა, ეს მისი უფლებაა.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ კვლევა ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, და თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ რაიმე სამართლებრივი რეაგირების საფუძველი აქვს, ეს მისი უფლებაა, რასაც მხოლოდ მივესალმებით. ვფიქრობთ, ასეთი სამართლებრივი დავა მედია ცნობიერების ამაღლებისა და მედია წიგნიერების კუთხით უაღრესად სასარგებლო იქნება, ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებას, გაერკვეს ანტიდასავლური პროპაგანდის არსში”. – აცხადებენ “მედიის განვითარების ფონდში”.

იტვირთბა....