ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” “რუსთავი 2”-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოვლენები პროცესის უკან პოლიტიკური ინტერესისა და გავალენის არსებობაზე მიუთითებენ.

“საქმე შეეხება სასამართლოს მიერ მიზანმიმართულად პროცესის დაჩქარებას, რომლის შედეგს , “რუსთავი 2” – ისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საერთო ვადის შემცირება წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დაჩქარებული წესით ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა მხარეებს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ჩაბარება არ არის სასამართლოს ვალდებულება და ის თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს.

სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას მაქსიმალურად გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადის სრული გამოყენების შემდგომ მოახდინოს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებით „რუსთავი 2“-ს შესაძლებელზე 18 დღით ნაკლები ვადა განესაზღვრა გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებისთვის”, – ნათქვამია არასამთავრობოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად: “თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.”

“კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა უფლებაა სრულად გამოიყენონ მოცემული ვადა, და გადაწყვეტილება 20-დან 30 დღემდე პერიოდის განმავლობაში, მათ შორის 30-ე დღეს  ჩაიბარონ. „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე ძმები ყარამანაშვილების, და ტელეკომპანია “საქართველოს” ადვოკატების განცხადებით, მათი მხარე სწორედ ამას გეგმავდა, რათა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა რაც შეიძლება გვიან დაწყებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედნტო ფაქტია. სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია.  ამ და განსაკუთრებით  პირველ ინსტანციაში საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე,  დასტურდება ეჭვი  სასამართლოს მიუკერძოებლობის უკან  შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ჩვენი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს. წინასაარჩევნოდ, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მათ სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება საპროცესო კანონონმდებლობის დარღვევით, 12 დღეში ჩააბარა.

იტვირთბა....