Credit Suisse-ს სკანდალის ირგვლივ გამოცემა Bloomberg ახალ დეტალებს აქვეყნებს. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც ბანკის რამოდენიმე კლიენტმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა მილიონობით დოლარი იზარალეს.
Bloomberg ივანიშვილზეც წერს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ფული რუსეთში საბანკო და უძრავი ქონების ბიზნესში იშოვა.
“ივანიშვილმა ძირითადი კაპიტალი 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, 2004 წელს კი საქართველოში დაბრუნდა, ხოლო 2012 წელს ქვეყნის პრემიერი გახდა. მისი ფინანსური ანგარიში Credit Suisse-ში თავდაპირველად ძალიან მცირე იყო, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა ბრალდებული ბანკირის დახმარებით კაპიტალი გაზარდა.”-წერს Bloomberg.
გამოცემის მიხედვით, ბანკირი, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებენ, კლიენტების ანგარიშებიდან გადარიცხულ თანხებს, საკუთარი მეუღლის ანგარიშზე რიცხავდა. პერსონალური ანგარიშები მონაკოსა და დუბაიში იყო გახსნილი.
პირველად მან თანხა 2008 წელს დუბაიში გადარიცხა, მაშინ თანხის მოცულობა 1,8 მილიონი დოლარი იყო, შემდეგ კი 2011 წელს უკვე 2,5 მილიონი დოლარის ოდენობით.
Bloomberg წერს, რომ თანხა ბანკი ტოპ კლიენტების ანგარიშებიდან ირიცხებოდა: ბიძინა ივანიშვილის, ვიტალი მალკინის და კიდევ ორი რუსი მილიარდერის.
“კლიენტები ჩივიან იმ თანხის გამო, რომელიც მათ დაკარგეს, მაგრამ არაფერს ამბობენ იმ თანხაზე, რომელიც ჩემმა კლიენტმა მათ უშოვნა“, – ამბობს ბანკირის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე Credit Suisse-ის ბანკირი დაკავებულია და ის იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება.
ბიძინა ივანიშვილს ბანკირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რომ გასულ კვირას ივანიშვილის კომპანიას Wellminstone SA დაზარალებულის და მსხვერპლის სტატუსი გამოძიებამ ოფიციალურად მიანიჭა, ეს კი ადვოკატებს მეტ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას მისცემთ.
შეგახსენებთ, WSJ-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ზარალი 100 მილიონს აღწევს. საქმეში ბევრი დეტალი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია შემდეგი: 2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა ბანკირმა ნაცვლად იმისა რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.
თავად ივანიშვილმა საქმეზე პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან შეხვედრისას 14 ივნისს გააკეთა.
“მე არ დამიკარგავს 100 მილიონი, ის დაკარგა ბანკმა. მიდის გამოძიება და ველოდები პროცესებს. იქნებ ბანკი ნაკლებად დაზარლდეს“, – განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.