სახელმწიფომ, “ქართული ოცნების” ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის დის, ინგა ხაბელოვას კომპანიას, შპს სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს, ბორჯომში, რუსთაველის N101-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 1 801 კვადრატული შენობა-ნაგებობა, პირდაპირი მიყიდვის წესით, 50 000 ლარად გადასცა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წლის 14 ივნისის განკარგულებაში წერია, რომ ოლიმპს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი საცურაო აუზი 12 საშხაპე კაბინითა და 2 გასახდელით. ოლიმპს დაეკისრა ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს 1 050 000 ლარის ინვესტიცია.
შპს სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექს ოლიმპი 2013 წლის გაზაფხულამდე ლერი ხაბელოვის საკუთრებაში იყო. “on.ge”-ის ინფორმაციით, 2013 წლის 13 აპრილს მან აღნიშნული კომპანია თავის დას, ინგა ხაბელოვას მიჰყიდა 320 370 ლარად.
“მეტრონომი” ლერი ხაბელოვს დაუკავშირდა, გვსურდა გაგვეგო როგორ მოხდა, რომ ამხელა ტერიტორია სახელმწიფომ მაინცდამაინც მის ოჯახის წევრს გადასცა და აქვს თუ არა კავშირი დღეს ხაბელოვს შ.პ.ს “ოლიმპთან”.
მას შემდგომ რაც დეპუტატმა კითხვა მოისმინა, ტელეფონი გათიშა.